27 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში მსახიობისა და ტელეკომენტატორის, კოტე მახარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი ქართველი მსახიობისა და ტელეკომენტატორის, კოტე მახარაძის, ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, კოტე მახარაძის შვილები, მეგობრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. კოტე მახარაძე გაიხსენეს და მასზე ისაუბრეს ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და ახლობლებმა. აღსანიშნავია, რომ საღამოს გამართვის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მსახიობის ოჯახმა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიმართ მადლიერება გამოხატა.

გამორჩეული მსახიობი, პოპულარული სპორტული კომენტატორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი კოტე მახარაძე დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშისა და ღირსების ორდენებით; კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატი და თბილისის საპატიო მოქალაქე. 1997 წელს მან დააარსა ერთი მსახიობის თეატრი "ვერიკო", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი სიცოცხლის ბოლომდე თავად იყო.

კოტე მახარაძე 2002 წლის 19 დეკემბერს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

დღის ამბები