დონალდ ტრამპს ბრალი 4 დანაშაულში უნდა წაუყენონ და ის უნდა გასამართლდეს - გადაწყვეტილება 9 კონგრესმენისგან შემდგარმა საგამოძიებო კომიტეტმა მიიღო, სადაც 7 დემოკრატი და 2 რესპუბლიკელი კანონმდებელია წარმოდგენილი. ექსპრეზიდენტს კონგრესის პროცედურისადმი დაუმორჩილებლობაში, შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებასა და საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.
6 იანვრის საგამოძიებო კომიტეტმა, რომელიც გასული წლის იანვარში კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის საქმეს სწავლობდა, გადაწყვეტილება 1 000 მოწმის გამოკითხვის და ასობით ათასი დოკუმენტის გაცნობის შემდეგ მიიღო. ახლა კომიტეტი დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას იუსტიციის დეპარტამენტს ურჩევს.წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებით, ტრამპის საგადასახადო დეკლარაციებიც გასაჯაროვდება.
იუსტიციის დეპარტამენტისთვის კონგრესის კომიტეტის დასკვნა მნიშვნელოვანი დოკუმენტია , თუმცა მას იურიდიული ძალა არ აქვს. იუსტიციის დეპარტამენტზეა დამოკიდებულიი მიიღებს თუ არა მხედველობაში კომიტეტის გადაწყვეტილებას.
მნიშველოვანია ის ფაქტიც რომ სპეციალური გამომძიებელი ტრამპის ირგვლივ ორ ფედერალურ გამოძიებას უკვე ზედამხედველობს. მათ შორისაა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობა და თეთრი სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების გატანა.
გასული წლის 6 იანვარს, არჩევნებზე დამარცხებული პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებით, ვაშინგტონში მისი მხარდამჭერების დემონსტრაცია გაიმართა.ტრამპის მომხრეები კონგრესის სხდომაზე შტურმით შეიჭრნენ. მიზანი ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცების ფორმალური პროცესის ჩაშლა იყო.