ზაურ ბაგმანოვი ერთ-ერთია იმ 62 პირს შორის, რომელიც პოლიციამ ნარკოდანაშაულის საქმეზე დააკავა. ბაგამანოვი დღეს დუმილის უფლებით სარგებლობს. ბრალდებულმა მხოლოდ მოსამართლის მიერ დასმულ პროცედურულ კითხვებს უპასუხა, ისიც თარჯიმნის დახმარებით.
34 წლის მამაკაცი პოლიციამ მარნეულში, საკუთარ სახლში დააკავა. მას გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების, კონკრეტულად კი ჰეროინის შეძენა, შენახვა, რეალიზაციას ედავება. პროკურატურამ სხდომაზე მოპოვებულ მტკიცებულებებზე გაამახვილა ყურადღება და მის მიმართ მკაცრი აღკვეთი ღონისძიება მოითხოვა. მოსამართლემ ბაგმანოვი 2-თვიან პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
დღეს, სასამართლომ იმ ბრალდებულების აღმკვეთ ღონისძიებაზეც იმსჯელა,
რომლებიც სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით აიყვანეს. ყველა მათგანს, 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებულების უმეტესობა წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და ნარკოდანაშაულთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. მათ შორისაა მამუკა უშიკიშვილი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც პოლიცამ რუსთავში ცენტრალურ ქუჩაზე დააკავა.
ადვოკატებმა დღეს არც უარყვეს და არც დაადასტურეს, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ჩანან. იურისტებს კადრები ბრალეულობის დამადასტურებელ საკმარისს მტკიცებულებად არ მიაჩნიათ.
კადრები, რომელიც უწყებამ ოფიციალურად გაავრცელა, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოიპოვეს. გამოძების ფარგლებში გადაღებულია საკონტროლო შესყიდვები და მასალაში ჩანს, როგორ დებენ კონკრეტული პირები ნარკოტიკს სხვადასხვა ადგილზე.
მასშტაბური სპეცოპერაციისას, რომელიც გუშინ თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა, პოლიციამ ხელბორკილები სულ 62 პირს დაადო, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
ოფიციალური მონაცემებით, ,შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წელს, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 204 პირი დააკავა. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, პოლიცია სპეციალურ ღონისძიებებს ატარებს იმის დასადგენად, თუ საიდან შემოჰქონდათ ბრალდებულებს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სხვადსხვა დასახელების ნარკოტიკი.