27 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
ხვალ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება- ექნება თუ არა ექსპრეზიდენტს სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩართვის საშუალება, ამ დროისთვის უცნობია

ექნება თუ არა მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩართვის საშუალება და ითვალისწინებს თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელის გადავადებას - ეს ის ორი მთავარი საკითხია რაზეც ხვალ 11:00 საათზე ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე უნდა იმსჯელონ.

ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარის მტკიცებით, მათ ხელში ყველა მტკიცებულება აქვთ იმის დასადასტურებლად, რომ პატიმარი ნამდვილად ცუდადა და მას დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს საშუალება მკურნალობა საზღვარგარეთ განაგრძოს.

მოწამვლა- ეს კიდევ ერთი საკითხია რაზეც ხვალ, სავარაუდოდ სასამართლო დარბაზში სააკაშვილის დაცვის მხარე ისაუბრებს. ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვა ირწმუნება, რომ პატიმრის ორგანიზმში დიდი რაოდენობით მომწამვლელი ნივთიერებაა, თუმცა პენიტენციური სამსახური კვლევების გადამოწმების შემდეგ ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებები დასაშვებ ნორმაზე დაბალ ნიშნულზეა. 

პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თითქმის ყველა ვერსია სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით. მალხაზ ურთმელიძის თქმით, პატიმარი პაციენტის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არ არის და მსგავსი მონაცემები შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს აღმოაჩნდეს.

სამედიცინო საკითხების სატელევიზიო ეთერში განხილვა სააკაშვილის ადვოკატს დღეს აღარ სურს. შალვა ხაჭაპურიძემ პოზიცია კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებითაც შეცვალა. მან გუშინ პირველად ახსენა პოლონიუმი და თქვა, რომ ამერიკელ ექსპერტებს ეჭვი ამ ნივთიერებით მოწამვლაზეც გაუჩნდათ, თუმცა დღეს მისივე განცხადება გადათქვა.

პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის პოზიციას არ ენდობა მსჯავრდადებულის ოჯახიც. გიული ალასანიას თქმით, უცხოეთის ლაბორატორიიდან მიღებული პასუხები მათთვის გადამოწმებას არ საჭიროებს.

არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი მოწამლული - ამ კითხვას პასუხი შესაბამისმა კვლევამ უნდა გასცეს. სააკაშვილი ისევ უარს ამბობს, როგორც ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ, ასევე თმიდან და ფრჩხილიდან ნიმუშების აღებაზე. ექსპრეზიდენტი გადაწყვეტილებას იმ მოტივით ხსნის, რომ ანალიზის აღება შესაძლოა უკვე დაგვიანებული იყოს. მისი პოზიცია "ვივამედიდან" გამოსულმა ეკა ხერხეულიძემ გააჟღერა.

პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეკითხვები აქვთ სააკაშვილის გუნდის სხვა წევრებსაც. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ყველა დასკვნას, რომელიც პატიმრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომზადდა სასამართლოს წარუდგენენ და იქ განმარტავენ თუ რატომ ამბობს პაციენტი უარს კვლევების ჩატარებაზე.

გამოკვლევებზე უარის მიზეზი მმართველი გუნდისთვის გასაგებია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სააკაშვილის მიზანი მართლმსაჯულებისთვის თავის დაღწევაა.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასჯელის გადავადება იქნება ხვალინდელი სასამართლო სხდომის მთავარი საკითხი. ჯერ-ჯერობით უცნობია მოხდება თუ არა მსჯავრდადებული სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში ჩართვა.

დღის ამბები