27 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი შეიძინა

რაკეტებთან ერთად, უკრაინას ახლა ყველაზე მეტად გენერატორები სჭირდება, სწორედ ამიტომ, ცოტა ხნის წინ თბილისიდან კიევში 25 ცალი მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა.

1.5 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგიის გამომყოფი დანადგარები საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემამ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიძინა.

საქართველოს მიერ გაგზავნილი სამრეწველო დანიშნულების გენერატორებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობის საშუალება საავადმყოფოებს, კვებისა და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტებს შეუძლიათ.

გენერატორების დატვირთვის პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი დაესწრნენ, რომელმაც პრემიერ-მინისტრს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს მთავრობა კი კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ მზადყოფნას ისევე როგორც ომის პირველი დღეებიდან მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში უკრაინელ ხალხს დახმარება გაუწიოს.

უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის შეიძინა 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი.

"სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის შეიძინა 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომლებიც გამოყენებული იქნება სამრეწველო მიზნებისთვის - კლინიკებისთვის, საავადმყოფოებისთვის, კვების ობიექტებისთვის და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებისთვის. ვისარგებლებ შემთხვევით და მსურს გამოვხატო ჩემი პირადი მადლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების გამო უკრაინისთვის მაღალი სიმძლავრის გენერატორების შეძენისა და გადაცემის შესახებ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ყველა წევრს ამ გადაწყვეტილების სწრაფად განხორციელებისთვის, რადგან 25-ვე ელექტროგენერატორი უკრაინაში დღესვე გაიგზავნება. მადლობა ყველა ქართველს უკრაინის ძალიან ძლიერი და არსებითი მხარდაჭერისთვის ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის ამ ძალიან კრიტიკულ პერიოდში,"- აცხადებს კასინი.

დღის ამბები