სააკაშვილის ორგანიზმში არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ, აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. უწყების ინფორმაციით, მის თმაში ნანახი ვერცხლისწყალი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე დასაშვები ნორმა.
"ვიმეორებ მთელი პასუხისმგებლობით, მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით და ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, არც ერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ. არავითარი მოწამვლა არ დასტურდება მათივე საბუთებითაც კი. არავითარი სახის მოწამვლა არ დასტურდება. ხელთ მაქვს ვერცხლისწყლის დასაშვები ნორმა და ზუსტად კვლევის ის მეთოდია, რომელიც არის ჩატარებული იმ ლაბორატორიაში, სადაც მათ აწარმოეს კვლევა,“ - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის #18 სამკურნალო დაწესებულების ექიმი, სანდრო მათეშვილი.
პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, სააკაშვილს 31 მაისს დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩაუტარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა, რაც გულისხმობს ერთნაირი სიმპტომის მქონე დაავადებების ერთმანეთისგან გამოყოფისა და ეტიოლოგიური ფაქტორის დადგენას. ჩატარებული კვლევის შედეგებით აღმოჩნდა, რომ ყველა მაჩვენებელი იყო ნორმის ფარგლებში.