აშშ-ის მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში გაფრინდა. თუმცა შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე უკრაინის პრეზინდეტმა ბახმუტში მისი ვიზიტი საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში შეაჯამა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონეცკის ოლქში მდებარე ეს ქალაქი ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილად რჩება და საერთაშორისო საზოგადოებას ბახმუტისა და მისი მცველების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"დავბრუნდი დონეცკის ოლქიდან, ჩვენი ბახმუტის ციხესიმაგრიდან. ადგილზე ჩავედი, რათა მხარდაჭერა და მადლიერება გამომეხატა ჩვენი გმირებისადმი და მათთვის სახელმწიფო ჯილდოები გადამეცა. ფრონტისკენ მიმავალ გზაზე, გავიარე სლოვიანსკი, კრამატორსკი, დრუჟკივკა, კოსტიანტინივკა... მიმდებარე ქალაქები და სოფლები, რომლებიც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვიან. დამწვარი მიწა, განადგურებული სიცოცხლე, ტკივილი, ნანგრევები და საფლავები - ეს არის ე.წ. "რუსული სამყარო". ეს არის ის, რასაც ჩვენი გმირები ებრძვიან.
მხარი დაუჭირეთ ჩვენს ბახმუტს - განადგურებულს, თუმცა ჯერ კიდევ დაუმარცხებელს. ჩვენ შეუძლებელს გავაკეთებთ, რათა ჩვენს მებრძოლებს ყველაფერი ჰქონდეთ გამარჯვებისთვის," - განაცხადა ზელენსკიმ.