უკრაინის პრეზიდენტი ამ წუთებში შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჯო ბაიდენს შეხვდება, ასევე, სიტყვით მიმართავს შეერთებული შტატების კონგრესს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ზელენსკისთან შეხვედრის დროს გამოაცხადებს ჯო ბაიდენი უკრაინის უსაფრთხოებისთვის, დამატებით, მილიარდ 800 მილიონის ღირებულების დახმარებას.
ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საზღვარგარეთ ზელენსკის პირველი ვიზიტია.
პარალელურად, მძიმე ბრძოლებია ფრონტის ხაზზე. რუსულმა ჯარებმა ავიეიერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვეზე. მძიმედ დაჭრილია 1 ადამიანი. დაზიანებულია 2 საცხოვრებელი კორპუსი და კერძო ავტომობილები. ოკუპანტებმა 19 ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლების მიმართულებით; ქალაქ ხერსონში ოკუპანტები თავს დაესხნენ იტალიელ ჟურნალისტებს. რუსულმა ძალებმა მათ ავტომობილს გაუხსნეს ცეცხლი. მედიის წარმომადგენლების სიცოცხლეს, ამ დროისთვის, საფრთხე არ ემუქრება.