27 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავიაპარკს ანახლებს - რამდენი ვერტმფრენი იყიდა საქართველომ და როდის ჩამოვა საფრენი აპარატები ქვეყანაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავიაპარკს ანახლებს. საუბარია მრავალფუნქციურ საფრენ აპარატებზე, რომელიც როგორც სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო, ასევე საზღვრის კონტროლის ფუნქციებს შეითავსებს. ფრანგულ აირბასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, შესაბამისად საქართველო სამი წლის განმავლობაში თანამედროვე ეიჩ 145-ებს მიიღებს.

ჯამში ქვეყანას სამი ვერტმფრენი 21 მილიონ ნახევარი ევრო დაუჯდება, ამ თანხას კი წინა ხელისუფლების დროს ნაყიდი სუპერ პუმა დაემატება, რომელსაც ფრანგული კომპანია წაიყვანს, შედეგად კი ქვეყნის ბიუჯეტი 5 ნახევარ მილიონ ევროს დაზოგავს.

პირველ ეიჩ-145-ს ქვეყანაში 17 თვეში ჩამოვა, მეორე 19-ში, მესამე კი 20 თვეში. ვერტმფრენების ღირებულებაში გათვალისწინებულია 3 წლიანი ქარხნული გარანტია, პილოტებისა და ინჟინრების მომზადება და სათადარიგო ნაწილების მოწოდებაც. ეიჩ 145 ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და მაღალი შესაძლებლობების მქონე შვეულმფრენადაა მიჩნეული. ის ამ დროისთვის მსოფლიოს 34 ქვეყნის ავიაპარკშია და სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებს მათ შორის სამხედროსაც.

ფრენების განხორციელება შეუძლია რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში და მაღალ სიმაღლეზეც, რაც საქართველოსთვის მისი გეოგრაფიიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია. ეიჩ 145-ს ეკუთვნის ორძრავიანი შვეულმფრენების რეკორდიც, როდესაც აპარატმა სამხრეთ ნახევარსფეროში ყველაზე მაღალ მთაზე აკონ კაგუაზე განახორციელა დაჯდომა. ფრანგულმა ვერტმფრენმა ჰაერში აწევა 6962 მეტრზე შეძლო.

დღის ამბები