27 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით და პოლიტიკური შეფასებები ზელენსკის განცხადებაზე

უკრაინის პრეზიდენტის განცხადების მიღმა, ადრესატებმა პოლიტიკური სვლა დაინახეს. ”ქართული ოცნების” ლიდერები მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ქვეყანაში კანონის გვერდის ავლით შემოსვლაში, საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნასა და უკრაინის პრეზიდენტის განცხადების შინაარს შორის კავშირებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლას კონკრეტული ქმედებები უნდა მოჰყოლოდა- ”გეგმა ჩავარდა” ახლა კი პატიმრობაშო მყოფი ექსპრეზიდენტის ქვეყნიდან გაყვანას სხვადასხვა გზით ცდილობენ.

სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოტივად, უკრაინის პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. ყოველდღიური მიმართვის დროს, ზელენსკიმ სისასტიკე უწოდა პატიმარი ექსპრეზიდენტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა გამოიჩინოს გულმოწყალება განსაკუთრებით შობის წინ და მისცეს სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა.

უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია არაერთგვაროვნად შეაფასეს თბილისში. პოლიტიკოსების ნაწილისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაა. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებისა და ”ნაციონალური მოძრაობის” პარტნიორებისთვის კი, მიმართვა ძლიერი გზავნილია.

პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანის დაჟინებული მოწოდებები, კითხვებს აჩენს სახელისუფლებო გუნდში, სადაც ამბობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტს შესაძლოა, არასრული ინფორმაცია ჰქონდეს. მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ამის მიღმა ”ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირში მყოფი კონკრეტული პირები იდგნენ, მათ შორის უკრაინის მაღალჩინოსნებიც.

ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ გაკეთებული განცხადებების ფონზე, მმართველი პარტია ყველას ურჩევს, პატიმარი სააკაშვილის სამართლებრივ მდგომარეობას გაეცნონ. ”ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, რომ მსჯავრდებულის უფლებები დაცულია და მას შესაბამისი მკურნალობის კურსი სამოქალაქო კლინიკაში უტარდება.

დღის ამბები