27 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
სააკაშვილმა დღეს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის საჭირო სისხლის აღებაზე უარი თქვა - რას ითხოვს ექსპრეზიდენტის ადვოკატი და რას ამბობენ პენიტენციურ სამსახურში

მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის საჭირო სისხლის აღებაზე უარი თქვა. მას ნიმუშები ვერ აუღეს ვერც თმიდან და ფრჩხილიდან, რაზეც ის მანამდე თანხმობას აცხადებდა. "ვივამედის" კლინიკაში მისულ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს ექსპრეზიდენტმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო მოსთხოვა.

სააკაშვილს კი ადვოკატმა ურჩია რომ კვლევის ჩატარება გადაედოთ. შალვა ხაჭაპურიძე ამტკიცებს, რომ ხანდაზმულობის ვადის გამო ტოქსიკოლოგიურ დასკვნას ვერც სისხლის, ახლა უკვე ვერც თმის და ფრჩხილის ნიმუში ვერ დადებს. სააკაშვილის უფლებადამცველს ახალი მიზეზიც აქვს - 5 ახალი კვლევის საჭიროება, რაც მისი განმარტებით, საქართველოში ვერ ჩატარდება. დღეს ხაჭაპურიძემ პირველად ახსენა პოლონიუმი და თქვა, რომ ამერიკელ ექსპერტს დამატებით ეჭვი ამ ნივთიერებით მოწამვლაზეც გაუჩნდათ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ინტერესების დამცველთა მოსაზრებებს საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას უკავშირებს. უწყებამ დღეს სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 31 მაისს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისთვის მონიტორინგის მიზნით ჩატარებული ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად ყველა მაჩვენებელი ნორმაში ჰქონდა. მოგვიანებით კი ადვოკატებისა და მედიასაშუალების მხრიდან მოწამვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო სააკაშვილს კიდევ ერთი კვლევა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ მოწამვლის ფაქტი არც ემპათიის მიერ ჩატარებული დასკვნით არ დასტურდება.

უკვე ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევები გადამოწმებას არ საჭიროებს მიხეილ სააკაშვილის ოჯახისა და ახლობლებისთვის. პატიმარი ექსპრეზიდენტის ვიზიტორები დღესაც იმავეს ამბობენ, რომ მის საზღვარგარეთ მკურნალობას ალტერნატივა არ აქვს.

შეთავაზებულ გამოკვლევებზე სააკაშვილის უარის მიზეზი მმართველი გუნდისთვის გასაგებია. სიმულაცია - ექსპრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქართულ ოცნებაში ასე ხსნიან.

სისხლის ანალიზზე უარი რომ სპეკულაციების სივრცეს ტოვებს, ამაზე მედიკოსებიც საუბრობენ. ამერიკაში მოღვაწე პიმენ ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მძიმე მეტალის ანალიზი სწორედ სისხლის სინჯით უნდა ჩატარდეს, და ამის შედეგად შეიძლება მსჯელობა მის ტოქსიკურობაზე. ექიმი საკუთარ პოსტში ამერიკის ტოქსიკოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციასაც აზიარებს, რომლის მიხედვითაც, მძიმე მეტალის განსასაზღვრად თმის ან ფრჩხილის ანალიზი საკმარისი არ არის. ანალოგიურს განმარტავენ თბილისში მომუშავე სპეციალისტებიც.

მოწამლულია თუ არა მიხეილ სააკაშვილი კითხვას პასუხი ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ უნდა გასცეს, რაზეც დღეს ესპრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა უარი.

 

დღის ამბები