27 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში - რა სქემით მოქმედებდნენ ნარკორეალიზატორები და რამდენი სახეობის ნარკოტიკია ამოღებული დღევანდელი სპეციალური ოპერაციის შედეგად

სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ფონიჭალაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ხმაურის ფონზე მოუწიათ.

​ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულის ახლობლები, სპეცრაზმელებს საშუალებას არ აძლევდნენ, რომ სახლიდან ხელბორკილებით გამოყვანილი მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში გადაეყვანათ.

პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი გაჩხრიკა. გავრცელებული ინფრომაციით, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი, მათ შორის სარეალიზაციოდ გამზადებული.

სპეცოპერაციის კიდევ ერთი ლოკაცია ასევე ფონიჭალაში იყო. რუსთაველის ქუჩაზე, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს. 

ნარკორალიზაციის ბრალდებით დააკავეს შუახნის მამაკაცი, რუსთავში, ცენტრალურ ქუჩაზე. პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა მას სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკი უპოვეს.

სპეცრაზმი იყო მობილიზებული დილიდან რეგიონებშიც. გორში, 35 წლის მამაკაცი პოლიციამ მაშინ აიყვანა, როდესაც ის სახლიდან გარეთ გადიოდა. სპეცოპერაცია ნარკორეალიზაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. რამდენიმე საათის განმავლობაში, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს დაკავებული და მისი საცხოვრებელი სახლი.

გამოძიების ინფორმაციით, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონდა კიდევ ერთ პირს ქუთაისში, პოლიციამ ის სწორედ იმერეთში დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გადაადგილდებოდა, როდესაც ადგილზე მისი აყვანის ღონისძიება ჩატარდა.

ფარული მასალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის ბოლოს გაავრცელა. სავარაუდოდ, ჩანაწერში სწორედ ის პირები ფიგურირებენ, რომლებიც დღეს უწყებამ სპეცოპერაციების შედეგად დააკავა. გამოძიების ფარგლებში გადაღებულია საკონტროლო შესყიდვები და კადრებში ჩანს, როგორ დებენ სხვადსხვა დასახელების ნარკოტიკს, კონკრეტულ ადგილებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის სულ 62 პირია დაკავებული, მათ შორის არიან ქალებიც და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საგამოძიებო მოქმედების დროს ამოღებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, სხვადსხვა დასახელების ნარკოტიკული ნივთიერება და რეალიზაციით მიღებული თანხა. ჩატარებული სპეცოპერაციების დეტალები დღეს უწყებაში განმარტეს.

დაკავებულების ნაწილს ბრალი უკვე წარუდგინეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევში,  სასჯელი 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები