27 ნოემბერი 2024,   00:15
ვრცლად
რატომ აფასებს "ქართული ოცნება" ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციაზე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ხელმოწერას ღალატად - პოლიტიკური შეფასებები და ურთიერთბრალდებები

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციას ყოფილი ხელისუფლების მხრიდან კოლაბორაციონისტული პოლიტიკის შედეგს უწოდებს. საუბარია რუსეთ-საქართველოს ომიდან ორ თვის შემდეგ ხელმოწერილ დოკუმენტზე, სადაც მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებში საუბარია საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებაზე, საქართველოს მხრიდან სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებასა და ომის დროს ორივე მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზე. მამუკა მდინარაძე დღეს, ამ ფაქტთან დაკავშირებით ევროსაბჭოში საქართველოს იმდროინდელი ელჩის ზურაბ ჭიაბერაშვილის არგუმენტებს გამოეხმაურა. მდინარაძის თქმით, ქვეყნის ინტერესების საზიანო ხელმოწერის გასამართლებლად, ყოფილი ხელისუფლება ისრების გადატანას სპეკულაციით ცდილობს.

თავად ჭიაბერაშვილი დღეს კამერებთან არ გამოჩენილა. ყოფილმა ელჩმა ოპონენტს სოციალურ ქსელში უპასუხა. ზურაბ ჭიაბერაშვილს პოზიცია არ შეუცვლია. პოლიტიკოსმა გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში თქვა, რომ რეზოლუციის ეს ნაწილი არც სააკაშვილის მთავრობას მოწონდა, თუმცა კომპრომისზე სამომავლოდ ჰააგაში საქმის სამართლიანად წარმართვის რწმენით წავიდა.

მყარი რწმენით რისკების პრევენცია არასერიოზული და მოღალატეობრივია მმართველი გუნდისთვის. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს ისიც თქვა, რომ რეზოლუციაზე ხელმოწერით მაშინდელმა ხელისუფლებმა ქართველი სამხედროები დაადანაშაულა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაზრებებს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებშიც. ნაწილი ჭიაბერაშვილის თეორიას ღიად მხარს არ უჭერს ნაწილი კი, მიუხედევად მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტისა დოკუმენტზე ხელმოწერას - სტრატეგიულად მართებულ ნაბიჯად მიიჩნევს.

აბსურდი, რომელიც ხელისუფლების მაშინდელ წარმომადგენლებს კიდევ უფრო მეტი შეცდომის დაშვებას აიძულებს - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის შეფასება.

ევროსაბჭოში ხელმოწერილმა რეზოლუციამ აქტუალობა კიდევ ერთხელ რამდენიმე დღის წინ შეიძინა. ბრალდებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჰააგაში ომთან დაკავშირებული საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

დღის ამბები