27 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი დუმილს ორ დღეში დაარღვევს - გიორგი ბეროზაშვილი ბრალს აქამდე არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი დუმილს ორ დღეში დაარღვევს და სასამართლოს ჩვენებას მისცემს.

დღეს საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა. პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. ბრალდების მხარემ ის ნივთიერი მტკიცებულებები წარმოადგინა, რომელიც დანაშაულის საქმეზე მოიპოვა. დაათვალიერეს მანქანა, რომელშიც ბრალდების მხარის მტკიცებით, გიორგი ბეროზაშვილი მკვლელობის შემდეგ, ინსცენირების მიზნით გატანილ თანხას და ძვირფასეულობას ინახავდა.

ამასთან, გიორგი ბეროზაშვილის ადვოკატი, გიორგი ანთაძე აცხადებს, რომ ბრალდებული სასამართლო პროცესზე მისცემს ჩვენებას. 

"დაცვის მხარის მოსაზრებით აღნიშნული მტკიცებულებებით საერთოდ არაფერი არ დასტურდება. 23-ში არის დანიშნული შემდეგი სხდომა, რა თქმა უნდა, აპირებს ჩვენების მიცემას და დეტალურად ისაუბრებს იმ გარემოებების შესახებ, რაც საქმის სამართლიანი გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ექნება. არცერთ ეტაპზე გიორგი ბეროზაშვილი ბრალდებას არ აღიარებდა," - აცხადებს გიორგი ბეროზაშვილის ადვოკატი.

ბრალდებულის უფლებადამცველისგან განსხვავებული პოზიცია აქვს სახელმწიფო ბრალმდებელს თამარ იაკობიძეს. იგი აცხადებს, რომ საქმეში ნივთმტკიცებად დევს ორი ცეცხლსასროლი იარაღი.

"ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებით აუცილებლად, გიორგი ბეროზაშვილის მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი ბრალად წარდგენილ ქმედებაში. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული დღეს უკვე აღარ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, ბრალდების მხარე დარწმუნებულია სხვა მტკიცებულებებით, რომელიც სასამართლო პროცესზეა წარდგენილი.

მოცემული სისხლის სამართლის საქმის მთავარი მტკიცებულება, რომლითაც განხორციელდა მკვლელობის ფაქტი, არის ორი სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი. ორივე ცეცხლსასროლი იარაღი- ერთი, რომელიც ეკუთვნოდა გარდაცვლილ ზაზა ბეროზაშვილს და მეორე არა რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია ოჯახის კუთვნილი ავტოფარეხიდან,"-აცხადებს თამარ იაკობიძე.

დღის ამბები