იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატმა, კახა წიქარიშვილმა პარლამენტში მოსმენაზე თქვა, რომ არსებული საკანონმდებლო ნორმები კარგია, თუმცა პრობლემა მოსამართლეებშია.
მისი თქმით, სასამართლოში კეთილსინდისიერი მოსამართლეები რომ იყვნენ, დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო არანაირი პრობლემა არ იქნება.
"ჩვენ რომ სასამართლოში გვყავდეს წესიერი, დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი მოსამართლეები, არანაირი პრობლემა არ იქნება დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო. საბჭოც კარგი გვეყოლება, განაწილებაც კარგი იქნება, სკოლაც კარგი იქნება, ინსპექტორიც კარგი იქნება. ყველა რეგულაცია იქნება სუპერი. არანაირ პრობლემას ვერ ვხედავ დღევანდელ რეგულაციებში. სამწუხარო ის არის, რომ სასამართლოში გვაქვს ის ვითარება, რაც გვაქვს. გვყავს ჯგუფი, რომელიც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას და ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა მექანიზმი გამოვაცალოთ ხელიდან. პარადოქსულ რაღაცებს ვიგონებთ, რათა ამ ჯგუფს ხელიდან გამოვაცალოთ ძალაუფლება," - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატი, კახა წიქარიშვილი.
მმართველი გუნდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის, კახა წიქარიშვილის განცხადებას აღიარებად აფასებს.
"ქართული ოცნების" შეფასებით, ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, პერსონების წინააღმდეგ იბრძვის და სასამართლო სისტემიდან კონკრეტული მოსამართლეების ჩამოშორება უნდათ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კახა წიქარიშვილის გულწრფელობას აფასებს.
"ძალიან ვაფასებ კახა წიქარიშვილის ამ გულწრფელობას. ამ ადამიანმა თქვა შემაჯამებელი წინადადებები, როგორც აღმოჩნდა, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრი ობიექტურად მოფიქრალი ადამიანი საუბრობს, რომ ნორმები არის ძალიან კარგი, უბრალოდ მათ პერსონების წინააღმდეგ სურთ კონკრეტული ღონისძიებების გატარება. ანუ, რომ არა კონკრეტული პერსონები, ვიღაცების მოშორება უნდათ, ვინც მათ არ აწყობთ დავუშვათ და ასე სუბიექტურად უდგებიან ენჯეოს წარმომადგენლები ამ საკითხს და რეალურად, გულწრფელი აღიარება ნამდვილად დასაფასებელია, რომ ნორმების სიკარგეში მან ეჭვი ვერ შეიტანა," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.