27 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
სახელმწიფო სამ მრავალფუნქციურ ახალ შვეულმფრენს 21 000 000 ევროდ შეიძენს

"H145"-ის მოდელის მრავალფუნქციური სამი ახალი შვეულმფრენი, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ როგორც პოლიციური, სატრანსპორტო, ასევე სამძებრო და სამაშველო ფუნქციები მალე საქართველოს საჰაერო ძალებს შეემატება. ინფორმაცია, ფრანგულ "Airbus Helicopters"-თან გაფორმებული შეთანხმების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ შარაძემ, ხოლო მომწოდებელი კომპანიის მხრიდან "Airbus Helicopters"-ის წარმომადგენელმა რომეინ ლანამ.

საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია "H145"-ის ტიპის 3 შვეულმფრენს შეიძენს.

"H145" მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.

"H145" წარმოადგენს "Airbus"-ის ერთ-ერთ უახლეს მოდელს, რომელსაც წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები," - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები