27 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
არგენტინა თავის გმირებს ელოდება - გვიან ღამით სამშობლოში უნდა დაეშვას ნაკრების თვითმფრინავი, რომლითაც ქვეყანას, 36 წლის შემდეგ, მსოფლიო თასი უბრუნდება

ჩე გევარას, ევა პერონის, ხორხე ლუის ბორხესის და დიეგო არმანდო მარადონას სამშობლოს ახალი ეროვნული გმირი ჰყავს, ადამიანი, რომელმაც არგენტინელების ოცნება რეალობად აქცია. დიეგო მარადონას მსგავსად, მესიმ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლებამდე მიიყვანა. მსოფლიო თასი არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კატარის შეიხის ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანის ნაჩუქარ ნაციონალურ სამოსში, ბიშტში გამოწყობილმა ჩაიბარა.

ფინალის შემდეგ სტადიონ "ლუსაილზე" ფაქტობრივად ყველა არგენტინელი ტიროდა, ემოციური იყო ლიონელ მესის და სესილია მარია კუჩიტინის, ფეხბურთელის დედის შეხვედრა.

არგენტინის ჩემპიონობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღნიშნეს, ზეიმი დოჰას ქუჩებში დაიწყო. ხალხმრავლობა იყო ნეაპოლში, ბარსელონაში, ტორონტოში, სიდნეიში, დაკაში, კოპენჰაგენში, მაიამიში.

ეროვნული ნაკრების ჩემპიონობა განსაკუთრებულად აღნიშნეს არგენტინაში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა ქალაქის ქუჩებში ხალხმრავლობაა, ბუენოს აირესში გუშინ დაწყებული ზეიმი ამ წუთებშიც გრძელდება.

არგენტინის ნაკრების წარმატებას მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ეხმაურებიან, ყველა თანხმდება რომ ამ ფორმაციის არგენტინის ნაკრებმა ტიტული დაიმსახურა, ემოციური წერილი გამოაქვეყნა პელემ.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატმა მოლოდინი გაამართლა, გულშემატკივარმა არაერთი საინტერესო დაპირისპირება იხილა. გამოვლინდნენ საუკეთესოებიც, რვა გატანილი გოლით კილიან მბაპე მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, ემილიანო მარტინესი ჩემპიონატის გამორჩეულ მეკარედ დაასახელეს, საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი აღიარეს, არგენტინის კაპიტანი პირველი ფეხბურთელია რომელმაც ტურნირის ყველა სტადიის მატჩში გოლი გაიტანა.

დღის ამბები