27 ნოემბერი 2024,   00:15
ვრცლად
კიევისკენ გაშვებული 35 "შაჰიდიდან", უკრაინის საჰაერო ძალებმა, 30-ის ჩამოგდება მოახერხეს - ბოლო ცნობები ფრონტის ხაზიდან

კიევში ისევ აფეთქებების ფონზე გათენდა. რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ხანძრის ჩაქრობას კი მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქს ირანული წარმოების კამიკაძე დრონებით შეუტიეს. აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან კიევისკენ გაშვებული 35 "შაჰიდიდან" უკრაინის საჰაერო ძალებმა 30-ის ჩამოგდება მოახერხეს.

ერთმა დრონმა მიზანს კიევის ოლქში მაინც მიაღწია. შედეგად, დედაქალაქში ელექტროენერგია სრულად გაითიშა. იგივე მდგომარეობაა უკრაინის რამდენიმე დიდ ქალაქშიც. ქვეყნის დიდი ნაწილი რუსული ძალების თავდასხმების გამო შუქის გარეშეა დარჩენილი.

საოკუპაციო ძალებმა ისევ დაბომბეს ხერსონიც. დეოკუპირებულ ქალაქში რუსეთმა რამდენიმე რაკეტა საცხოვრებელ სახლებს ესროლა. დანგრეულია შენობები. არიან დაშავებულები.

ფრონტის მთავარი ხაზი ისევ ბახმუტზე გადის. ქალაქი თითქმის მთლიანად მიწასთან არის გასწორებული. იქ დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანას უკრაინელი სამხედროები უშედეგოდ ცდილობენ. უშედეგოდ, რადგან ქალაქი ინტენსიური ცეცხლის ქვეშ არის.

ბახმუტის გარდა დონეცკის ოლქის ყველა ქალაქში უკიდურესად რთული ვითარებაა. რუსეთის ბოლო თავდასხმას 10-მდე ადამიანი შეეწირა. არიან დაჭრილები. სარდაფში მოწყობილ საავადმყოფოში კი ადგილები აღარ არის. მოხალისე ექიმები ამ პირობებში ცდილობენ მოსახლეობის დახმარებას.

დონეცკის ოლქში არსებულ ურთულეს მდგომარეობაზე უკრაინის პრეზიდენტმაც ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ბახმუტი ოკუპანტებისთვის ახლა მთავარი სტრატეგიული ქალაქია.

სტრატეგიაზე არ საუბრობს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი. თუმცა, ცხადია, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომში ბელორუსიის ოფიციალურად ჩართვა სურს და სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნით იმყოფება პუტინი ახლა მინსკში. ლუკაშენკოს რუსი კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ესტუმრა.

დღის ამბები