27 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ბათუმი გუშინ კიდევ ერთ სერიოზულ ტრაგედიას გადაურჩა - ხანძარს, რომელიც 22 სართულიან შენობას ღამის 12 საათზე გაუჩნდა, 4 საათის განმავლობაში აქრობდნენ

ძლიერი ხანძრის შემდეგ , ბათუმში მრავალსართულიანი შენობის ბოლო სართულზე რესტორანი "ვოქსი" მთლიანად განადგურებულია. კობალაძის ქუჩაზე საცხოვრებელი მოსახლეობისგან მთლიანად დაცლილია. შენობა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ . ამ დრომდე მაშველები ხანძრის კერებს ასუფთავებენ.

ხანძრის დეტალებს იხსენებენ ადგილობრივები. ლია მგელაძე ამბობს, რომ რესტორან "ვოქსში" ცეცხლის პირველი კერა ღამის 11:30-ზე გაჩნდა. სამაშველო ბრიგადები ადგილზე მალევე მივიდნენ, თუმცა კორპუსი სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა და ცეცხლი გაძლიერდა. ხანძრის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხე გამო 250-მდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. შეშინებული მოსახლეობა გამორბოდა მოპირდაპირე კორპუსიდანაც.

ძლიერი ხანძრის შედეგად, კორპუსიდან ალმოკიდებული კონსტრუქციები ცვიოდა, რის გამოც სასტუმრომდე მისასვლელი ყველა გზა სრულად გადაიკეტა. უსაფრთხოების მიზნით გათიშეს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ამ ეტაპზე რესტორანი არ მუშაობდა, ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მეპატრონემ ხანძრის გამომწვევი მიზეზები არ იცის, რადგან ობიექტი მას უკვე იჯარით ჰქონდა გაქირავებული.

არაოფიციალურად, ძლიერი ხანძრის გაჩენის, რამდენიმე მიზეზი სახელდება. არასწორად გაყვანილი დენის სადენები , ელექტროღუმელი ან პიროტექნიკა. ბათუმის მერიაში გამოძიების შედეგს ელოდებიან. მანამდე მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისა განიხილავს მომხდარს და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საკითხს.

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

დღის ამბები