27 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
პოლიტიკური დაპირისპირება - რატომ არ სურს ევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბარი დღეს ოპოზიციურ პარტიას და რა ბრალდებებს უყენებს ენმ-ს "ოცნება"

ჰააგაში მოგებულმა საქმემ განაახლა კონფლიქტი, რომელიც რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ ევრო საბჭოში მიღებულ რეზოლუციას ეხება.

ის რაზეც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრს საუბარი აღარ სურს, ევროსაბჭოს რეზოლუციაა. 2008 წელს დოკუმენტის მეთერთმეტე პუნქტის შინაარსის მხარდაჭერის გამო, კითხვებზე პასუხების გაცემა ყოფილ მმართველ პარტიას წლების შემდეგ უწევს. ისინი ვინც, ტექსტის შინაარსს კარგად იცნობდა და ევროსაბჭოს ასამბლეაშიც მონაწილეობდა ტელეკამერებთან დღეს არ გამოჩენილან. 16-33 რეზოლუციის 11 პუნქტი კი, უშუალოდ 2008 წლის ომის დანაშაულებს ეხება. ჩანაწერის უცვლელად მიღების შედეგად კი, რუსეთის გარდა ომის დანაშაულების ჩადენის კონტექსტში საქართველოც მოხვდა.

”განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები" - საბოლოოდ რეზოლუციის მეთერთმეტე პუნქტი ამ შინაარსით მიიღეს.

"ნაციონალური მოძრაობაში" განმარტავენ, რომ 14 წლის წინ ევროსაბჭოში დოკუმენტს იმ მოტივით დაუჭირეს მხარი, რომ სხვა ჩანაწერები ქვეყნისთვის მეტი სარგებლის მომტანი იყო.

ევროსაბჭოს რეზოლუციაში მსგავს ჩანაწერებს ”პოლიტიკური ნაღმს” უწოდებენ მმართველი პარტიაში. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ასპარეზზე 2008 წლის ომთან დაკავშირებით, საქართველომ არაერთი გამარჯვება მოიპოვა - სულ ბოლო კი ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის გადაწყვეტილებაა. ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დასრულდა, თუმცა მუშაობა გრძელდება იმ პირთა სასამართლოში წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები გაცემულია.

ევროსაბჭოს რეზოლუციის მეთერთმეტე პუნქტის სხვაგვარ ჩანაწერს ისურვებდნენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, თუმცა ”ნაციონალური მოძრაობის” პარტნიორები აცხადებენ, რომ შესაძლოა ეს კომპრომისი მაშინ აუცილებელი იყო. ოპოზიცია სახელისუფლებო გუნდს მოუწოდებს წარსულის ნაცვლად მომავალზე ორიენტირდეს.

ოპონენტებს დღეს წარსული იუსტიციის ყოფილმა მინისტრმაც შეახსენა. თეა წულუკიანი, რომელიც საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მხარეს იცავდა, ყოფილ ხელისუფლებას, მტკიცებულებების დამალვაშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ მაშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყნის ინტერესები დააზიანა.

ჰააგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, 14 წლის წინ ქართველების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამო, პასუხისმგებოლობა რუს და ოს სამხედროებს დაეკისრათ - მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაკავების ორდერები უკვე გაცემულია.

დღის ამბები