27 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
შეთანხმება ისევ ვერ შედგა - სახალხო დამცველობის კანდიდატზე ოპოზიცია და "ქართული ოცნება" ამჯერადაც ვერ შეჯერდნენ

შეთანხმება ისევ ვერ შედგა, სახალხო დამცველობის კანდიდატზე ოპოზიცია და "ქართული ოცნება" ამჯერადაც ვერ შეთანხმდა.

დახურულ კარს მიღმა კი კონსულტაციები პარლამენტში 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მმართველი პარტია არ აპირებს მხარი დაუჭიროს ოპონენტების უმრავლესობის კანდიდატებს, რომელთა შორის ომბუდსმენის მოქმედი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და ადვოკატი ანა აბაშიძე არიან. "ქართული ოცნება" უარს რამდენიმე არგუმენტით ხსნის, მთავარი კი ბურჯანაძისა და აბაშიძის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებებია.

"ჩვენი მხრიდან რეალურად იყო დაფიქსირებული პოზიცია, რომ ამ ხუთი კანდიდატიდან არცერთ კანდიდატს არ ვემხრობით და ვემხრობით იმ შეთავაზებას, რომელიც თავიდანვე, ივლისში იყო გაცხადებული. ამ ეტაპზე შემიძლია, გითხრათ, რომ ერთ საერთო კანდიდატზე ან თუნდაც ორზე, ვინც მოაგროვებს საკმარის ხმებს, ჩვენი მხრიდან და არც უმრავლესობის მხრიდან პოზიცია შეცვლილი არ არის,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

ანა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არიან წარდგენილი კანდიდატები მიუღებლები, როცა მათ ირგვლივ მაღალი კონსენსუსია.

"გაუგებარია, რატომ არის ეს ხალხი მიუღებელი მაშინ, როდესაც მათ ირგვლივ მაღალი კონსენსუსია ოპოზიციაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, ექსპერტულ წრეებში და მათ აქვთ ყველა ის მონაცემი, რაც სჭირდება სახალხო დამცველს“, - განაცხადა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა 

ახალი ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტმა ახალ წლამდე რიგ გარეშე სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. სულ 19 კანდიდატია, ომბუდსმენის არჩევას კი 90 ხმა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს რომ ოცნებას ოპოზიციის ხმებიც სჭირდება.

დღის ამბები