ანატოლი კაშპიროვსკი - ეს სახელი და გვარი მილიონობით ადამიანისთვის არის ცნობილი. კაშპიროვსკი, როგორც ექსტრასენსი, 1980-იან წლებში გახდა პოპულარული, ის ამტკიცებდა, რომ ნებისმიერი დაავადების განკურნება შეეძლო. საკუთარ თავს ჰიპნოთერაპევტს უწოდებდა და მის სეანსებზე სტადიონები ხალხით ივსებოდა, ასევე, "კურნავდა" ადამიანებს ტელეეკრანიდანაც.
პირველად ტელემაყურებელმა ის 1989 წელს იხილა, კაშპიროვსკიმ განაცხადა, რომ ზებუნებრივი უნარების საშუალებით, შეეძლო ნებისმიერი ადამიანის განკურნება, თუნდაც დისტანციურად. ამ პერიოდში ის მართავდა ტელეხიდებს მოსკოვი-კიევი და თბილისი-კიევი, სადაც აჩვენებდა, რომ ქირურგიული ჩარევების დროს პაციენტს "ტკივილს უყუჩებდა".
მისი უნარის მილიონობით ადამიანმა ირწმუნა, რაც თავბრუდამხვევი კარიერის დასაწყისად იქცა. კაშპიროვსკი მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში, ხალხით ავსებდა დარბაზებს. ის შეხვედრებს მართავდა ხელოვანებთან, ექიმებთან, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან, კაშპიროვსკი დააჯილდოეს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიით და ასევე, მიიღო სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხიც.
თუმცა, ბუნებრივია, ყველას არ ჰქონდა შედეგი მისი "მკურნალობის" შემდეგ და საზოგადოების ნაწილი მის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი. საკუთარი კარიერის პიკის პერიოდში კაშპიროვსკი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც ადამიანების ჭარბწონიანობისგან განკურნებას ჰიპნოზის დახმარებით გეგმავდა.
სად არის ამჟამად კაშპიროვსკი
ცნობილია, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ექსტრასენსს უწოდებს, აშშ-ში ცხოვრობს. ის უკვე ასაკოვანია, თუმცა არცერთი ჭაღარა თმა არ აქვს. თავად ამბობს, რომ ეს სასწაულია, თუმცა მისი ონლაინგამომწერები "სასწაულს" თმის საღებავს უკავშირებენ.
კაშპიროვსკი სოციალური ქსელებით კვლავ მართავს პირდაპირ ეთერს, სადაც ადამიანებს სხვადასხვა დაავადებისგან "განკურნებას" ჰპირდება. 2020 წელს ის ონლაინ კორონავირუსსაც "მკურნალობდა".