27 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
"ეს იყო ორგანიზებული, აბა სხვანაირად ვერ წარმომიდგენია რომ ქუჩაში ეს ადამიანი ჯიბეში კვერცხებჩაწყობილი დაიარება" - გიორგი კირთაძე მომხდარი ინციდენტის შესახებ

პოლიციაა მობილიზებული შემთხვევის ადგილას, იქ სადაც გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. "კურიერის" ინფორმაციით, ორი პირი ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი, სადაც მათი დაკითხვა მიმდინარეობს.

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ამ ფაქტის ორგანიზების უკან სუს-ი და "ქართული ოცნება" დგანან.

"როცა მოვიხედე, ვიღაც ახალგაზრდა კაცი ისროდა კვერცხებს და იძახდა "მოღალატეს", რა უნდოდა, სიმართლე გითხრათ, ვერ გავარკვიეთ, სახელის და გვარის თქმას ვთხოვდით, პირდაპირ ეთერში ეს ყველაფერი ჩანს. გადმოსული იყო აგრესიაზე. ეს იყო ორგანიზებული, აბა, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, რომ ქუჩაში ეს ადამიანი ჯიბეში კვერცხებჩაწყობილი დაიარება. ამ ყველაფრის უკან, ცალსახად, დგას "სუსი" "ქართულ ოცნებასთან" ერთად, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბიძინა ივანიშვილის დავალებას და მითითებებს ასრულებს. მთხოვეს გამოკითხვაზე გადასვლა და მივალ გამოკითხვაზე, რა თქმა უნდა, მოვყვები იმ ყველაფერს, რაც თვითონაც კარგად იციან და პირდაპირ ეთერში ნახეს, მაგრამ ნდობა იმისა, რომ ამას რაღაც მოჰყვება, რა თქმა უნდა, არ მაქვს," - აცხადებს კირთაძე.

"ლელოს" წევრი, ვაჟა დარჩია თვლის, რომ ინციდენტს პოლიტიკური ელფერი აქვს.

"ვუყურებდი ლაივს, გიორგი კირთაძის ჩართვას, დავინახე რომ მოქალაქემ აგრესიულად კვერცხები დაუშინა გიორგის და ფაქტია, რომ ეს იყო პოლიტიკური ამბავი, იმიტომ რომ "შენ ხომ გიორგი კირთაძე ხარ" და მსგავსი მიმართვები იყო, სწორედ ამან გამოიწვია როგორც ჩანს ამ მოქალაქეში აგრესია," - თქვა დარჩიამ.

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძე აცხადებს, რომ ის დრო მოვიდა, რომ ქუჩაში მარტო გადაადგილებაც შეუძლებელია, ხოლო დამნაშავე კი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

დღის ამბები