თავდასხმა კიევზე - ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქს უპილოტო თვითმფრინავებით შეუტიეს. რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა დედაქალაქის ცენტრში. უკრაინელებმა 15 დრონი ჩამოაგდეს. დაზიანებულია სახლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 2 ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. კიევის ოლქის გარდა, საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო ვინიცის, ჩერკასის, კიროვოგრადის ოლქებშიც.
ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ ბახმუტში ერთი მთლიანი კედელიც არ დარჩეს - აცხადებს ზელენსკი და ამბობს, რომ ახლა მთავარი მიმართულება სწორედ ეს ქალაქია.
"ბახმუტის მიმართულება მთავარია. ჩვენ ვინარჩუნებთ ქალაქს, თუმცა ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ იქ ერთი მთლიანი კედელიც არ დარჩეს. ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქებში, ზოგადად სამხრეთით - თანდათან ვამცირებთ ოკუპანტების პოტენციალს. საჰაერო თავდაცვა მუდმივი პრიორიტეტია და ამას კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ. ძვირფასო პარტნიორებო! ჩვენი ცის სრულად დაცვაში დახმარებით, უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების საკმარისი რაოდენობით მიწოდებით, შეგიძლიათ ტერორისტულ სახელმწიფოს ჩამოართვათ ტერორის მთავარი ინსტრუმენტი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაბიჯი, რომელიც აგრესიის დასასრულს დააჩქარებს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.