27 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
"უნდა გაგვცენ პასუხი, რატომ ჩაიდინეს საკუთარი ჯარისა და სამშობლოს წინაშე ამგვარი დანაშაული, რატომ არ ჰქონდათ და დავკარგეთო ამბობდნენ, მაგალითად არაერთი ბრძანება" - თეა წულუკიანი

2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, ჰააგის გამოძიება საქართველოს სასარგებლოდ დასრულებულია, თუმცა თემა ისევ ბრალდებების მიზეზია. უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობას" 2008 წლის რეზოლუციის მე-11 პუნქტს ახსენებს, რომელშიც ყოფილი ხელისუფლება ხელს აწერდა ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ომის დანაშაულებში ორივე მხარე მონაწილეობდა.

მმართველი გუნდი თვლის, რომ მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ამ ჩანაწერის მხარდაჭერა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ქართული მხარის მიერ ომის დანაშაულების ჩადენის აღიარების მცდელობა იყო.

"ჩვენ გვახსოვს 2008 წელს, როდესაც ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეამ გამოიტანა კენჭისყრისთვის რეზოლუციის პროექტი, სადაც ეწერა ფრაზა, რომ ვინმე სააკაშვილმა და მისმა არც თუ ისე პატარა დედამ კი არა, საქართველოს ჯარისკაცებმა დაიწყეს ომიო - აი ამ ფრაზას არ შეეწინააღმდეგა, და მათ ერთხმად კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს ამ ფრაზას, რომ თურმე ქართველი ჯარისკაცების მიერ ყოფილა აგვისტოს ომი დაწყებული. ამას ემატებოდა ისიც, რომ სტრასბურგსა და ჰააგაში არავითარი მტკიცებულებები არ იყო მოგროვებული. უნდა გაგვცენ პასუხი, რატომ ჩაიდინეს საკუთარი ჯარისა და სამშობლოს წინაშე ამგვარი დანაშაული; რატომ არ ჰქონდათ და დავკარგეთო ამბობდნენ, მაგალითად არაერთი ბრძანება; რატომ გაიტანეს ქვეყნიდან გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დასაბრუნებელი გახდა იმიტომ, რომ რუსი სტრასბურგში, როდესაც საწინააღმდეგო მხარეს იდგა, დაგვცინოდა, რომ გორში ისკანდერი არ ჩამოვარდნილა, ეს ქართველების ფოტოშოპიაო. სად იყო მტკიცებულებები?" - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ჰააგის სასამართლოს დასრულება ქვეყნისთვის, ხელისუფლებასა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი წარმატება, რომლის გადაფარვის მცდელობა აქტიურად მიმდინარეობს "ნაცმოძრაობის" და მათი სატელიტების მხრიდან.

"ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების და საზოგადოებისთვის. ამის გადაფარვის მცდელობა ხორციელდება აქტიურად პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან და განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" და მათი სატელიტების მხრიდან. ამაზე საუბრობს ხალხი, რომელმაც მხარი დაუჭირეს იმას, რომ შესაძლოა ქართული მხარე ყოფილიყო ომის დანაშაულის ჩამდენი. ეს არის წარმოუდგენელი რამ" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რატომ დაუჭირა მხარი ყოფილმა ხელისუფლებამ ამ დოკუმენტს? - "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ დოკუმენტის სხვა ჩანაწერები ქვეყნისთვის მეტი სარგებლის მომტანი იყო.

"მე მმართველი პარტიის ადგილას რეზოლუციებზე არ ვისაუბრებდი იმიტომ, რომ მმართველ პარტიაში შევახსენებ, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ცნობაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ სტრასბურგში მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რეალურად მათი პროპაგანდისტული ხაზი ჩამოინგრა თავიდან ბოლომდე და მათ მხოლოდ და მხოლოდ დარჩათ გასამართლებელი პროპაგანდისტული გზავნილები, რაც რეალურად არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები