უკრაინაში ომის 298-ე დღეა. პუტინი მზადაა გრძელვადიანი ომისთვის - ასეთია ნატოს გენერალური მდივნის, ენს სტოლტენბერგის პროგნოზი. დასავლეთში ფიქრობენ, რომ ოკუპანტი ქვეყანა გაჭიანურებული ომისთვის ემზადება, ამიტომ ნატოს ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ კიევის მხარდაჭერა და იარაღის მიწოდება. ფრონტის ხაზზე კი ვითარება პერიოდულად იცვლება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი აცხადებს, რომ რუსები დამატებით 200 ათას ჯარისკაცს ამზადებენ. მთავარი ყურადღება რუსეთს ახლა აღმოსავლეთზე აქვს გადატანილი, თუმცა იბომბება უკრაინის სხვა ტერიტორიაც, მათ შორის კვირის განმავლობაში ოკუპანტებმა კიევი არაერთხელ დაბომბეს.
რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, კიევის ოლქში ელექტროენერგიის გარეშე ჯერ კიდევ 600 ათასზე მეტი ადამიანია დარჩენილი. ბოლო ორი დღეა ინჟინრები შეუჩერებლად მუშაობენ ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად. მოქალაქეების ნაწილი კვლავ მიწისქვეშეთშია. საჰაერო განგაშის სიგნალის დროს, მოსახლეობას სწორედ თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებენ.
უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ხერსონი 27-ჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. რუსმა ხერსონის გარეუბანში სოფელი სტეპანოვკა ნაღმმტყორცნებიდან დაბომბეს. ჭურვები ჰუმანიტარული დახმარების შტაბს მოხვდა. ოკუპანტების თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი კლინიკაში გადაიყვანეს. რუსი სამხედროების დარტყმების შედეგად დაზიანდა სკოლის შენობა, საავადმყოფო და ეკლესია.
გრძელდება სამხედრო მოქმედებები დონბასში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში რუსეთის არმიის 11ი შეტევის მოგერიება შეძლეს და დარტყმა მიიტანეს მოწინააღმდეგის ექვს ობიექტზე. ზამთრის პერიოდი უკრაინა-რუსეთის ომში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს! - ასეთია ანალიტიკოსების შეფასება. ფრონტზე მთავარი ცხელი წერტილი "ბახმუტი-სოლედარის" მიმართულებაა და ორივე მხარის ძალისხმევა ძირითადად აქეთკენაა მიმართული. როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, დონეცკის ფრონტი უკვე სტრატეგიული ცენტრია და აქ წყდება უკრაინის ომის მნიშვნელოვანი მომენტი.
რუსეთი აგრძელებს შეტევას დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქების მიმართულებით. რუსეთს ნაწილობრივ ოკუპირებული აქვს ზაპოროჟიეს ოლქიც. ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლის მერის განცხადებით, რუსი ოკუპანტები 3 დღეა ხალხს ქალაქიდან არ უშვებენ. მელიტოპოლის მერის თქმით, რუს ოკუპანტებს მძევლად ჰყავთ ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რადგან მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის ეშინიათ.
50-ზე მეტი საჰაერო იერიში ბოლო 24 საათის განმავლობაში - ომის დაწყებიდან 298-ე დღეს, რუსეთი კვლავ ცდილობს უკრაინის ენერგეტიკის სისტემა მოშალოს.. დარტყმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე ქვეყნის 8 რეგიონში განხორციელდა. საპასუხოდ უკრაინის თავდაცვის ძალების ამოცანა რუსული იარაღის საცავების განადგურება, მათი შესაძლებლობების შემცირება და კონტრშეტევების წარმოებაა. სამხედროები ფრონტის ხაზზე პოზიციების გამყარებას ცდილობენ, ამ დროს ტექნიკური სამსახურების საზრუნავი წყლის დენის და გათბობის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებაა.