27 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
რა მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის კაბელის ხელშეკრულებას და რა გზავნილები აქვთ ევროპელ ლიდერებს

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმი ბუქარესტში შაბათს გააფორმეს. ევროკავშირის ლიდერებისა და ევროპული ქვეყნების პირველი პირების შეფასებით, ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც დააკავშირებს კავკასიას ევროკავშირთან.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის წინასწარი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, მსოფლიო ბანკის ანგარიშშიც დადასტურდა პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა.

როგორ შეფასდა ისტორიულ დოკუმენტზე ხელმოწერა და რა გზავნილები აქვთ ევროპელ ლიდერებს - საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ბრიუსელი მხარს უჭერს საქართველოს კიდევ უფრო მეტ ფიზიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში. მისი თქმით, საქართველო ხდება განახლებადი ენერგიების ჰაბი ხდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტის და ვაჭრობის შესაძლებლობები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.

"არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება, ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ, რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგო რესურსების მიწოდების კონტექსტში.

საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რაც მეზობელ ქვეყნებს შეიძლება მიეწოდოს. ევროპის გარდა, ყველა მეზობლისადმი გაგვაჩნია ენერგიის მისაწოდებლად საჭირო ინფრასტრუქტურა. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ამ მხრივ მნიშვნელოვან პერსპექტივას გვანიჭებს. ხსენებული პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტის და ვაჭრობის შესაძლებლობები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ეს პროექტი საქართველოს ბევრ სარგებელს მისცემს.

"ეს ნამდვილად ძალიან ამბიციური პროექტია. ეს დაგვაკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას. ეს იქნება ციფრული კომუნიკაციის და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ჩვენ დაგვეხმარება ეს ინიციატივა მიწოდების უზრუნველყოფაში და ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან შემოვა ევროკავშირში რუმინეთისა და უნგრეთის გავლით. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ და საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს. საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდაენერგობაზარსაც გააუმჯობესებს," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მისი შეფასებით, აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან.

"ჩვენი ქვეყნები აპირებენ, რომ ევროპის მიმართ სანდო მიმწოდებლები გახდნენ და ეს ძირითადად მწვანე ენერგიას ეხება. აზერბაიჯანის განახლებადი ენერგო პოტენციალი 27 გეგავატია, ეს არის მზის და ჰიდროენერგიები, ასევე ქარის ენერგია კასპიის ზღვიდან. სტრატეგიული პარტნიორები ერთად ვაპირებთ რომ სამ გეგვატიანი ქარის და ერთ გეგავატიან მზის ენერგია 2027 წლისთვის გამოვიმუშაოთ და ექსპორტზე გავიტანოთ. 2027 წლისთვის ვაპირებთ რომ დამატებითი წარმოება შევქმნათ თითქმის 6 გეგავატის ოდენობით.

აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან," - აღნიშნა ალიევმა.

განცხადება გააკეთა რუმინეთი პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმაც.

"ჩვენ შეგვიძლია უნიკალური ინვესტიცია განვახორციელოთ მთელ მსოფლიოში გავლენის მოსახდენად და როდესაც გაიზრდება იმპორტი, ეს იქნება სასურველი გადაწყვეტა ამ პრობლემისა. ჩვენ ვაპირებთ, ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ, ეს არის ინოვაცია. მე რომ ვიყო 30 წლით ახალგაზრდა, ვიტყოდი, რომ ეს არის ნამდვილი როკენროლი, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანში, საქართველოში და რუმინეთში და ევროკომისიის პრეზიდენტს იმისთვის, რომ დღეს გვაქვს საშუალება ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას ენერგოსექტორში," - აღნიშნა ორბანმა.

 

 

 

 

დღის ამბები