მოლდოვაში ექვს სატელევიზიო არხს ლიცენზია შეუჩერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ასოშიეთედ პრესი" ავრცელებს. მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, ტელეკომპანიები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ და "საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობდნენ".
სამაუწყებლო ლიცენზია შეუჩერდა შემდეგ ტელეარხებს: "პირველი მოლდოვაში", "რტრ მოლდოვა", "აქცენტ ტვ", "ენ-ტე-ვე მოლდოვა", "ტვ6", "ორჰეი ტვ". ინფორმაციის თანახმად, ამ ტელეარხებიდან ოთხი რეგულარულად ახდენდა რუსული ტელევიზიების ეთერის რეტრანსლაციას.
საპასუხო განცხადება გაავრცელა "ტვ6"-ის ხელმძღვანელობამ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელეარხს ლიცენზია "უსაფუძვლოდ შეუჩერეს" და ამ ქმედებას "გამოხატვის თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმად" აფასებენ.
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, ტელეკომპანიებისთვის ლიცენზიების შეჩერება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყანაში დესტაბილიზაციის აღსაკვეთად.
"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში, ქვეყნის უსაფრთხოებას და მოქალაქეთა მშვიდობიან ცხოვრებას დაემუქრონ მოლდოვიდან გაქცეული პირები, რომელთა ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, დაუსხლტნენ ხელიდან მართლმსაჯულებას", – განაცხადა სანდუმ.