27 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და "ნაციონალური მოძრაობის" მოშიმშილე წევრების გეგმები

ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია "ვივამედის" კლინიკიდან დღესაც მიხეილ სააკაშვილის დედამ გამოიტანა. გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა პენიტენციური სამსახურის საკვებზე უარი თქვა. ამის გამო უკვე მესამე დღეა კლინიკაში პროდუქტი მისთვის მხოლოდ გიული ალასანიას შეაქვს.

მსჯავრდებული პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადასაყვანად ადვოკატები სასამართლოში, თანაგუნდელების ნაწილი კი საკანონმდებლო ორგანოში იბრძვის. შიმშილობა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების ნაწილმა უკვე მეორედ აირჩია. ამჯერად, მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა. ანა წითლიძის, დავით კირკიტაძისა და აბდულ ისმაილოვის პროტესტს გუშინ თემურ ჯანაშიაც შეურთდა.

მოშიმშილეები დღეს სხვა ოპოზიციური პარტიებიდან კოლეგებმა მოინახულეს. დეპუტატების სანახავად მივიდნენ თანაგუნდელებიც, რომლებიც პროტესტის ამ ფორმას არ უერთდებიან, თუმცა ამბობენ, რომ კოლეგების მოთხოვნებს სრულად იზიარებენ.

შიმშილობა, ან მანდატების დატოვება არცერთი თვალსაზრისით, გამართლებული არ არის მმართველი გუნდისთვის. "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ ოპონენტები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას რადიკალური ფორმით ითხოვენ და მათ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება რომ დაცულია, ამაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძე ამბობს რომ მომდევნო კვირაში ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ყოფილ პრეზიდენტს დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა ექნება.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხზე უნდა იმსჯელონ, 22 დეკემბერს გაიმართება.



დღის ამბები