უკრაინაში, აგრესორმა დღეს თითქმის ყველა ოლქის მისამართით 76 რაკეტა გაისროლა.
"X-555", "X-101" და "კალიბრის" ტიპის რაკეტების გაშვებაში სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომპონენტი მონაწილეობდა. 59 მათგანი თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს, 1 კი ტერიტორიული თავდაცვის ძალების მოხალისემ, ტყვიამფრქვევით ჩამოაგდო.
ოკუპანტის 16 რაკეტა სამიზნეს მაინც მოხვდა. ერთ-ერთი, კრივოი როგში საცხოვრებელი კორპუსი იყო, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა. ნანგრევებში ორ მცირეწლოვანს ეძებენ.
აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში. მაგრამ დაზიანებული ობიექტების შესახებ ოფიციალური პირები ცნობებს ამ დრომდე არ ასაჯაროვებენ. მთელი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო მეტროპოლიტენი. მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ელექტროენერგია და სასმელი წყალი არ აქვს ხარკოვის და ნიკოლაევის ოლქების მოსახლეობასაც. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, პარალიზებულია ქვეყნის ენერგოსისტემის 50%.
შეტევა გვიან ღამით დაიწყო. 2 დაღუპული - 9 დაშავებული. ხერსონის დეოკუპაციიდან ქალაქსა და ოლქზე რუსული არმიის იერიში უწყვეტად გრძელდება. განადგურებულია, როგორც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა, ისე სამოქალაქო ობიექტები. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ტერიტორია 16-ჯერ დაიბომბა.
საჰაერო განგაში ხმა ისმოდა დნეპროპეტროვსკის ოლქში. ნიკოპოლის მიმართულებით აგრესორმა ცეცხლი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან გახსნა. მასშტაბურ იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კრიტიკულ მდგომარეობაშია 5 მშვიდობიანი.
რუსეთზე ზეწოლა ნარჩუნდება ბრძოლის ველზე. რამდენიმე ასეული ოკუპანტი გაანეიტრალეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს ოლქში. ამის გამო ქალაქ ტოკმაკში რუსეთის მობილური კრემატორიუმები გამოჩდნენ. რომელთა მეშვეობითაც ოკუპანტი დანაკარგის დამალვას ცდილობს.
უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ წარმატებულ ოპერაციას დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. ირმინოში ღამის განმავლობაში ოკუპანტის საბრძოლო მასალის საცავი ააფეთქეს. ლიკვიდირებულია 60-ზე მეტი ოკუპანტი. მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტში. საჰაერო მხარდაჭერით უკრაინელი ქვეითები უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ.