27 ნოემბერი 2024,   00:15
ვრცლად
იუსტიციის მინისტრის საათი, პარლამენტში და მის გარეთ ხმაურის ფონზე შედგა - ურთიერთბრალდებები საკანონმდებლო ორგანოში

პარლამენტში იუსტიციის მინისტრის საათს ხმაური მოჰყვა. რატი ბრეგაძემ ოპონენტებს დამარცხებად სხდომათა დარბაზში დარჩენაზე უარის თქმა ჩაუთვალა. გადაწყვეტილება "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომის დაწყებიდან მალევე მიიღო. ხატია დეკანოიძემ განცხადება ფრაქციის სახელით გააკეთა.

ხატია დეკანოიძის გამოსვლის შემდეგ დარბაზში მყოფმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბანერებით ხელში გააპროტესტეს იუსტიციის სამინისტროს დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ. დარბაზიდან ისმოდა შეძახილებიც, სიტუაცია მანდატურის ჩართვის და ოპოზიციის ნაწილის სხდომიდან გასვლის შემდეგ განიმუხტა.  

სხდომის დატოვების მიუხედავად ანი წითლიძის რეპლიკები დღეს პოლიტიკური გამოსვლების ერთ-ერთი ნაწილი გახდა. წითლიძემ რატი ბრეგაძის ოჯახის წევრები, კონკრეტულად კი შვილები რამდენჯერმე ახსენა. ამის გამო საკითხით დაინტერესება თავად მინისტრმა, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორისგან მოითხოვა.

მინისტრს დღეს ყველაზე მეტი შეკითხვა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დაუსვეს. რატომ გასაჯაროვდა კადრები და რა სამართლებრივი ნორმით იხელმძღვანელა სამინისტრომ - ოპოზიციას სწორედ ეს აინტერესებდა. მინისტრმა ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ვიდეო მასალა კანონის და პერსონალური მონაცემების დაცვით გამოქვეყნდა.

მიხელ სააკაშვილის საკითხი იყოს ის, რის გამოც სხდომაზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა და საბოლოდ, დარბაზიდან სალომე სამადაშვილის გაძევებით დასრულდა. კამათი რატი ბრეგაძის პასუხს მოჰყვა, რომელმაც სააკაშვილის მმართველობის დროს პატიმრების წამების შესახებ კონკრეტული მაგალითები მოიყვანა. სიტყვიერ დაპირისპირებაში სამადაშვილთან ერთად ხათუნა სამნიძე და "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ქადაგიშვილი მონაწილეობდნენ.

იუსტიციის მინისტრი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მივიდა. პოლიტიკური დებატების დაწყებამდე კი უწყების მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. აქცენტი კი სტრასბურგის სასამართლოსი საქართველოს წარმატებაზე გაკეთდა.

მინისტრის პარლამენტში გამოსვლას სხდომათა დარბაზის გარდა პროტესტი მის მიღმაც მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ და აქტივისტებმა სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

დღის ამბები