27 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" 4 მოშიმშილე დეპუტატი - რა გეგმა აქვს პარტიას და შეძლებს თუ არა პარლამენტში პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლას

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ რთულია - ამის შესახებ მედიას ექსპრეზიდენტის პალატიდან გამოსულმა გიული ალასანიამ უთხრა. ყოფილი პრეზიდენტის დედა ელოდება, რომ მის შვილს მალე სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანენ. ადვოკატები კი სამართლებრივი ბრძოლის გზას ეძებენ.

სანამ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადასაყვანად ადვოკატები სასამართლოში იბრძვიან, ექსპრეზიდენტის თანაგუნდელები პროტესტის უკიდურეს ფორმას საკანონმდებლო ორგანოში მიმართავენ. მეორე დღეს მოშიმშილეების რიცხვიც გაიზარდა. ანა წითლიძეს, დავით კირკიტაძეს და აბდულ ისმაილოვს, თემურ ჯანაშიაც შეუერთდა. მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა. ამბობენ, რომ იშიმშილებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მოშიმშილე დეპუტატებთან დილიდან მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე და მათ პროტესტის შეწყვეტა სთხოვა. შლავა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომათა დარბაზთან მოინახულა.

პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტისკენ დეპუტატებს საკუთარი თანაგუნდელებიც მოუწოდებენ. "ნაციონალური მოძრაობის" დანარჩენი წევრები შიმშილობას არ იწყებენ და ჯერ არც მანდატებზე ამბობენ უარს, თუმცა საპარლამენტო ბოიკოტს რომ განიხილავენ, ამას ღიად ამბობენ. ამ საკითხზე პარტიაში აზრთა სხვასდხვაობააა.

იტყვის თუ არა უარს მანდატებზე ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და დატოვებს თუ არა პარლამენტს, ამის შესახებ გადამწყვეტი სიტყვა ნიკა მელიამ უნდა თქვას. პარტიის თავმჯდომარე ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას განიხილავს, რაც "ქართულ ოცნებას", მისი თქმით, ჩიხში შეიყვანს.

მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" გეგმა "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტების პოლიტიკურ აღსარებად მიიჩნია. მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიის მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციებზე საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილი ნახევარ წელზე მეტია "ვივამედის" კლინიკაში მკურნალობს. სასამართლო სხდომა, სადაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხზე უნდა იმსჯელონ, 22 დეკემბერს გაიმართება.

დღის ამბები