27 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
ვთხოვ ყველა შესაბამის ორგანიზაციას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ბავშვებთან დაკავშირებით მავნებლურ განცხადებებს სათანადო ფორმით გამოეხმაურონ - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბავშვების მიმართ ამორალურ, დაუნდობელ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ.

რატი ბრეგაძემ მოუწოდა სახალხო დამცველს და ყველა შესაბამის ორგანიზაციას, ასეთ განცხადებებს სათანადო ფორმით გამოეხმაურონ.

"ბავშვების საკითხს რაც შეეხება, მე თავს უფლებას არ მივცემ, მათი ამორალური სიტყვები გავიმეორო. შემდეგში ქალბატონმა სალომემაც [სამადაშვილი] წარმატებით გააგრძელა ამაზე საუბარი. ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ ეს განაცხადი აჩვენებს მათ ამორალურ, დაუნდობელ დამოკიდებულებას, მათ შორის, ბავშვების მიმართ. აქვე მინდა ვთხოვო სახალხო დამცველს და ყველა შესაბამის ორგანიზაციას, ამ მავნებლურ განცხადებებს სათანადო ფორმით გამოეხმაურონ," - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვეს. მანამდე კი ფრაქციის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პლაკატები მიიტანეს, სადაც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ამოჭრილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები იყო ასახული. დარბაზის დატოვებამდე ფრაქციის დეპუტატმა ანა წითლიძემ რატი ბრეგაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ "მის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ".

დღის ამბები