27 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს წააგეს 100:0 - რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პარლამენტის ტრიბუნიდან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მიერ სხდომათა დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვებას გამოეხმაურა.

რატი ბრეგაძის თქმით, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დარბაზის დატოვებით შეურაცხყოფა, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველსაც მიაყენეს.

"სამწუხაროდ, პირდაპირი ტრანსლაციის დროს მაყურებელი ხედავს უშუალოდ მომხსენებელს და ვერ ხედავს დარბაზს. დარბაზი ახლა არის ცარიელი, სულ რამდენიმე პლაკატი დატოვეს ["ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა] საკუთარი თავის ნაცვლად. აქვე, უნდა ვთქვა, ისინი ხშირად საუბრობენ, თითქოს ვინმეს ვემალებით, არ ვპასუხობთ, მე მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება. მე რომ ვიყო მათ ადგილზე, ამ ტრიბუნას აუცილებლად გამოვიყენებდი, მაგრამ ეტყობა გაუჭირდათ ლოგიკური კითხვების დასმა და შემდგომში მათთვის არასასურველი პასუხების მოსმენა. ისიც კი აკადრეს საკუთარ ამომრჩეველს, რომ აქ არ მობრძანდნენ. შესაბამისად, სახლთან დადარაჯებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, ჯობდა აქ ყოფილიყვნენ. სპორტში, მაგალითად, ფეხბურთში, არსებობს ასეთი წესი, როდესაც გუნდი არ ცხადდება, გაუგებარი მიზეზის გამო, მას ეთვლება ანგარიში 3:0, ხოლო პოლიტიკაში, კარგად უნდა სცოდნოდათ რადიკალურ ოპოზიციონერებს, რომ დღეს მათ წააგეს 100:0," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები