"რუსული ძალები ვერ ამარცხებენ უკრაინის ჯარს, ამიტომ ყველა ქალაქსა და სოფელში მიწასთან ასწორებენ შენობებს," - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოკუპანტების თავდასხმების შეჩერების ერთადერთი გზა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის ტერიტორიიდან მათი ეტაპობრივი განდევნაა.
"ოკუპანტები ყველა ძალით უტევენ დონბასს, ისინი ვერ ამარცხებენ ჩვენს არმიას, ამიტომ ფიზიკურად ანადგურებენ ყველა ქალაქსა და სოფელს, რათა შენობები და კედლებიც კი არ დარჩეს თავდაცვისთვის. ამის შესაჩერებლად ერთადერთი გზა არის რუსეთის იძულება, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიხიოს უკრან და დატოვოს უკრაინული მიწა. ამისთვის აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება. უნდა მოიძებნოს ახალი გზები, რომ ყველა რუსმა ტერორისტმა, ყველა რუსმა ოლიგარქმა, რომლებიც ეხმარებიან ტერორისტ სახელმწიფოს, ყველა რუსმა ოფიციალურმა პირმა და პროპაგანდისტმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის, რასაც სჩადიან უკრაინის და, ზოგადად, თავისუფლების წინააღმდეგ," - აცხადებს ზელენსკი.