"ანაბეჭდი" ახლა საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოა, სადაც სპეცტანსაცმელს ამზადებენ და დაბრენდილ სამოსს კერავენ. კომპანია, პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში თანამედროვე დანადგარებით 2018 წლიდან აღიჭურვა, რამაც კომპანიის ახალ ეტაპზე გადასვლას შეუწყო ხელი.
"ანაბეჭდის" მსგავსად "აწარმოე საქართველოში" დახმარებით საწარმო "ელ ჯი ჯი" გაიხსნა ნატახტარშიც. კომპანიამ გამოყოფილი ფინანსებით, 40-მდე ადგილობრივის დასაქმებაც შეძლო.
სწორედ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების წახალისების მიზნით გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ, პროგრამის მასშტაბის გაფართოება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, რეგიონებში ფილიალები შეიქმნება, რომ პროგრამაზე წვდომა ყველა დაინტერესებული პირისთვის შესაძლებელი იყოს.
ეკონომიკის სფეროს ექსპერტების განცხადებით, პროგრამის გაფართოება მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. პარალელურად, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს რეგიონში მოქალაქეების დასაქმებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
"აწარმოე საქართველოში" ხელს უწყობს მოქალაქეებს საკუთარი ბიზნესი აწარმოონ ქვეყანაში. პროგრამის საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში 2020 წლიდან დღემდე ჯამურად 700-მდე პროექტის განხორციელებას დაუჭირეს მხარი, შეიქმნა 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. მიკროგრანტებით კი, 2015 წლიდან დღემდე დაფინანსდა 8,200-ზე მეტი პროექტი.