ბუნდესტაგის შტურმით აღება, პარლამენტის წევრების დაპატიმრება და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მკვლელობა - ეს შეთქმულთა გეგმების მხოლოდ ნაწილია, რისი გამოაშკარავებაც გერმანიის გამოძიებამ ამ ეტაპზე შეძლო. ირკევევა, რომ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორთა მიზნები მასშტაბური და სერიოზული იყო. სპეცოპერაციის ფარგლებაში, საქმეზე 27 ადამიანი დააკავეს, თუმცა დამნაშავეთა რიცხვი გაცილებით დიდია.
ჩხრეკის ოპერაციის დროს, სამართალდამცველებმა 40 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ათასობით ტყვია ამოიღეს. ასევე ნაპოვნია გაუთქმელობის შესახებ 100-ზე მეტი შეთანხმება, რომლის ხელმომწერებიც პირობას დებდნენ, რომ გადატრიალების დეტალებს არ გათქვამდნენ. ვარაუდობენ, რომ შეთქმულები ე.წ. ახალი არმიის ჩამოყალიბებას გეგმავდნენ. გერმანიაში უკვე დაიწყეს იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებაზე მსჯელობა, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ევროპაში ყველაზე მკაცრი კანონი იარაღის შეძენის შესახებ სწორედ გერმანიას აქვს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ამბოხის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი პრინცი ჰენრი XIII, საკონსულოში რუს დიპლომატებს რამდენჯერმე შეხვდა. ექსპერტთა შორის არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შეთქმულების მონაწილეები, შესაძლოა თავად გერმანიის პარლამენტის წევრებიც არიან. ამ ეჭვს ისიც აღრმავებს, რომ ამბოხებულთა და დაპატიმრებულთა შორის გერმანიის პარლამენტის ყოფილი წევრიცაა. ყოფილ პარლამენტარებს კი ჯერ კიდევ აქვთ სამთავრობო სტრუქტურებში თავისუფლად გადაადგილების უფლება.
გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაში მასშტაბური სპეცოპერაცია ერთი კვირის წინ ჩატარდა. დაკავებულთა შორის რუსეთის მოქალაქეები, გერმანიის სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედი სამხედრო და რამდენიმე რეზერვისტიცაა. ისინი ექსტრემისტული მოძრაობა "რაიხსბიურგერის" წევრები არიან, რომლებიც დაკვირვების ობიექტი გერმანიის პოლიციის მხრიდან ძალადობრივი თავდასხმებისა და რასისტული შეთქმულების თეორიების გამო გახდნენ.