27 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
მეორედ გამოცხადებული შიმშილობა - "ნაციონალური მოძრაობის" სამმა წევრმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა

შიმშილობა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების ნაწილმა უკვე მეორედ აირჩია. ამჯერადაც აქციის ადგილი პარლამენტია - სხდომათა დარბაზის შესასვლელი. დავით კირკიტაძე, ანა წითლიძე და აბდულა ისმაილოვი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ის სამი წევრია, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის ვიდეო კადრების გავრცელების გამო პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს. ამბობენ, რომ მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება, თუმცა, თავადვე ადასტურებენ, რომ პროტესტის ამ ფორმას ფრაქციაში ნაწილი არ ეთანხმება.

შიმშილობას წინააღმდეგია ფრაქციის თავმჯდომარე. ხატია დეკანოიძე, რომელმაც თანაგუნდელები პარლამენტის დერეფანში მოინახულა, ამბობს, რომ მცდელობის მიუხედავად, ისინი ვერ გადაარწმუნა. ფრაქციის თავმჯდომარის პოზიციას იზიარებს პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ლევან ხაბეიშვილი იმასაც ამბობს, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის მზადაა ბრძოლის ნებისმიერ ფორმას თავადაც მიმართოს.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების ნაწილის ამ გადაწყვეტილებას წინ მრავალსაათიანი მსჯელობა უძღოდა. ფრაქციის ოთახში დეპუტატების შეკრება "კურიერის" კამერამ გადაიღო, ისინი დაახლოებით 2 საათისთვის გამოჩნდნენ, კამათობდნენ და დაანონსებული ბრიფინგის დრო რამდენჯერმე შეცვალეს.

კირკიტაძის, წითლიძისა და ისმაილოვის პროტესტის უკიდურესი ფორმა არ მოსწონთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის მათ, ვინც კოლეგები პირველებმა მოინახულეს. სანდრო რაქვიაშვილი და თეონა აქუბარდია ფიქრობენ, რომ ეს ფორმა შედეგის მომტანი ვერ იქნება.

შიმშილობის მიზეზის საკუთარი ვერსია აქვს "ქართულ ოცნებას". მმართველი გუნდი ოპონენტებს ურჩევს შიმშილობის ნაცვლად, შიდა არჩევნებისთვის კონცენტრირდეს.

"ნაციონალური მოძრაობის" სამმა წევრმა შიმშილობა პარლამენტში დღეს გამოაცხადა, მათ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიხეილ სააკაშვილის საზღვარაგერთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მიმართეს. 

 

დღის ამბები