27 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
"საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ექსკლუზიური კადრები, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა - სად დააკავა პოლიციამ დამნაშავე

"კურიერმა" ბანკის დაყაჩაღების ექსკლუზიური კადრები მოიპოვა. ვიდეომასალაში კარგად ჩანს თუ როგორ ემზადება ნიღბიანი მამაკაცი პეკინზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში შესასვლელად, ამის შემდეგ 23 წლის მამაკაცი ფინანსურ დაწესებულებაში შედის, იარაღის მუქარით თანხას იტაცებს და შემთხვევის ადგილს ტოვებს. თავდამსხმელს ეკეთა ხელთათმანებიც. "კურიერის" მიერ მოპოვებულ მასალაში იარაღი არ ჩანს, მაგრამ ბანკის დაყაჩაღება მან სწორედ იარაღის მუქარით მოახერხა, რომელიც სავარაუდოდ, უკვე შენობაში შესვლის შემდეგ ამოიღო.

"კურიერის" ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცმა "საქართველოს ბანკის" ფილიალიდან რამდენიმე ათასი ლარი წაიღო, თუმცა შორს წასვლა ვეღარ მოახერხა. პეკინის ქუჩიდან გაქცეული ილია ჯაბაშვილი პოლიციამ დოლიძეზე დააკავა. ახლა მას 4-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს ისიც, თუ როგორ გამოიქცნენ შენიღბული პირის დანახვაზე შეშინებული მომხმარებლები ქუჩაში.

როგორც "კურიერმა" გაარკვია, დაკავებული მამაკაცი, სხვადასხვა კომპანიაში, კურიერად მუშაობდა. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა დანაშაულის ჩადენამდე ერთი დღით ადრე, თბილისში, ერთ-ერთ უბანში ბინა იქირავა, სავარაუდოდ კვალის დაფარვის მიზნით. ეს ვერსია დღეს ბინის მეპატრონემაც დაადასტურა. ქალი პოლიციამ უკვე გამოკითხა. სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს სახლიც.

პეკინის გამზირზე მდებარე ექსპრეს ფილიალში, ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა ბანკის თანამშრომლები გამოსაკითხად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

დაკავებული ილია ჯაბაშვილის წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ყაჩაღობის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო. ჯაბაშვილი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია. უცნობია რა რაოდენობის თანხის გატაცება შეძლო თავდამსხმელმა. "საქართველოს ბანკს" მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

დღის ამბები