27 ნოემბერი 2024,   00:14
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი კადრები - რა გამოხმაურება მოყვა მათ გასაჯაროებას პოლიტიკურ სპექტრში

პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოკადრების გასაჯაროვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მისმა ადვოკატმა გაახმოვანა. წერილში, რომელიც პატიმარმა სააკაშვილმა "ვივამედიდან" გამოგზავნა, წერია, რომ კადრების გამოქვეყნებით სისტემამ საკუთარი თავი ამხილა. პენიტენციურ სამსახურს უნდობლობას, პატიმარი მათ საკვებზე უარის თქმითაც უცხადებს.

ადვოკატის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან ტრადიციულად გიული ალასანიაც იმყოფებოდა. მისი თქმით, კადრების გასაჯაროვება მხოლოდ ერთ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს - საზოგადოებამ ყურადღება მთავარი საკითხიდან მეორეხარისხოვანზე გადაიტანოს.

სააკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატისთვის, იუსტიციის მოქმედ მინისტრს არ უპასუხია, თუმცა პოზიცია უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა გამოხატა. თეა წულუკიანისთვის პატიმარი ექსპრეზიდენტის ქცევები მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევის მცდელობაა.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის კადრების გასაჯაროვებაში სისხლის სამართლის დანაშაული დაინახეს, როგორც სააკაშვილის თანაპარტიელებმა, ასევე სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ითქვა ისიც, რომ ფაქტს სამართლებრივი რეაგირებაც მოჰყვება.

პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება დღეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა განმარტეს. სახელისუფლებო გუნდში თქვეს, რომ კადრების გასაჯაროვება სამართლებრივ ნაწილში დარღვევა არ არის.

პირადი და ჯანმრთელობის უფლების დარღვევის გამო, სახალო დამცველის აპარატი, საქმეში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ჩართვას ითხოვს. ომბუდსმენის ოფისში განაცხადეს, რომ კადრების გამოქვეყნებამ ლეგიტიმური მიზნის არსებობა, საზოგადოების მაღალი ინტერესი და პროპორციულობა ვერ დაადასტურა.

დღის განმავლობაში განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმაც გაავრცელა. უწყებაში განმარტავენ, რომ საკითხს კანონით დადგენილ ვადაში შეისწავლიან და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას მოახდენენ.

მმართველი პარტიაში დღეს არაერთხელ განაცხადეს, რომ პენიტენციური სამსახური იძულებული გახდა კადრები გაესაჯაროვებინა, მიზეზი კი პატიმრის მხრიდან სიმულაციაა. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიზანი არა მსჯავრდებულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არამედ კანონის გვერდის ავლით მისი გათავისუფლებაა.

მიხეილ სააკაშვილის ”ვივამედში” ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრები, პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა. მასალა სხვადასხვა პერიოდში პატიმრის მდგომარეობას ასახავს. 10 წუთიანი ვიდეო სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. ბოლო ვიდეო 12 დეკემბრით თარიღდება. უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, კადრები საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო გამოაქვეყნეს.

აქცენტს სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებზე აკეთებენ და ამბობენ, რომ მიზანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და საზოგადოებასთან ერთად საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანაა. უწყების ინფორმაციით, კადრებში ჩანს სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება და ასევე ის, თუ როგორ შეურაცხყოფს და აგრესიულად ექცევა ის სამედიცინო პერსონალს.

დღის ამბები