27 ნოემბერი 2024,   00:14
ვრცლად
ფრაქციაში რამდენიმე ადამიანი ვიყავით წინააღმდეგი, ჯანმრთელობის დაზიანების ნებისმიერი მიმდინარეობისას მე ვარ წინააღმდეგი - ხატია დეკანოიძე ენმ-ს წევრების შიმშილობაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება და არა პარტიული.

"ნაციონალური მოძრაობის" სამმა წევრმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. ერთადერთი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაყვანაა. დეპუტატები პარლამენტის შენობაში შიმშილობენ და აპირებენ იქ დარჩნენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

"მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას. ჩვენ ერთად არ უნდა დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიკვდილი და არ უნდა გავხდეთ თანამონაწილენი ამ აქტისა უკვე მეორედ. ეს პოლიტიკური აქტი იქნება აქაც და პარლამენტის კედლებს გარეთაც," - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ანა წითლიძე, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის გადაწყვეტილების მასთან შეუთანხმებლად მიღებისთვის ბოდიშს უხდის.

"მინდა ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მასთან შეთანხმებული, მაგრამ მე არ შემიძლია ვუყურო პრეზიდენტ სააკაშვილის, ჩვენი თანამებრძოლის, ლიდერის და მეგობრის სიკვდილს ციხეში და არ გავაკეთო მაქსიმუმი იმისთვის, რომ გადავარჩინო პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა," - განაცხადა ანა წითლიძემ.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის ნებისმიერი ფორმით დაზიანების წინააღმდეგია.

"მე ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი ჯერ კიდევ გუშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა, ეს იდეა ჩემს მეგობრებს ჰქონდათ. დღეს მათ მიიღეს ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ფრაქციაში მეც და რამდენიმე ადამიანი ვიყავით წინააღმდეგი, იმიტომ, რომ ჯანმრთელობის დაზიანების ნებისმიერი მიმდინარეობისას მე ვარ წინააღმდეგი. ჩემი მეგობრები არიან, განსაკუთრებით ვნერვიულობ ანიზე. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს თავგანწირვა ასე გამოხატონ. ვფიქრობ, რომ ყველას, სადაც და როგორც შეუძლია იქ უნდა გამოხატოს პროტესტი. ნამდვილად არ მგონია, რომ "ქართული ოცნება" შეიგნებს იმას თუ რამდენად მძიმედ მიდის ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები," – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძე არ არის ერთადერთი, ვინც შიმშილობის დაწყებას არ ეთანხმება. კოლეგების პოზიციას არ იზიარებს ლევან ხაბეიშვილი და სხვა დეპუტატებიც.

"მე ვფიქრობ, რომ ბევრად ეფექტურად ვიქნები მოქმედებებში და მობილიზებაში ჩართული, ვინაიდან არ შეიძლება პარტიის ყველა წევრმა დაიწყოს შიმშილობა ისე, რომ არ დავრჩეთ ველზე არავინ. ამიტომ ესეც არის გადაწყვეტილებების შემადგენელი ნაწილი და ჩვენი, ჩემი კოლეგები და მე ვართ მზად ნებისმიერი ბრძოლის ფორმისთვის. მნიშვნელოვანია, რომ პარტიის ხელმძღვანელს ჰქონდეს კონკრეტული გეგმა თუ როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას. მე მოქმედების, მობილიზების, მოძრაობის მომხრე ვარ და შესაბამისად, პარტიას ჯერ კიდევ ჰყავს მოქმედი თავმჯდომარე, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებას 28-29 იანვრამდე და მზად ვართ მოვემსახუროთ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც წაადგება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და რუს ოლიგარქთან ბრძოლას," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები