27 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
საბურთალოს რაიონის გამგებელმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა

საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა.

2022 წელს საგზაო ინფრასტრუქტურა 63 700 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. მათ შორის, არის 7 ქუჩა, სადაც მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ამასთან, სრულად მოწესრიგდა თეიმურაზ პირველის ქუჩა, რომელიც მირიან მეფისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩას აკავშირებს, სადაც ტრანსპორტით გადაადგილება საკმაოდ პრობლემური იყო.

ასევე, მოეწყო ერთი ახალი დასასვენებელი პარკი და ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე, ხოლო 13 მისამართზე არსებული სკვერების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დიდ დიღომში პარკის მოწყობაა, რომელსაც წლების განმავლობაში ითხოვდა მოსახლეობა, მაგრამ ტერიტორია, სადაც ძველი სპორტული მოედანი არსებობდა, გასხვისებული იყო და რამდენიმე მესაკუთრე ჰყავდა. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, მოხდა ადგილმონაცვლეობა და ტერიტორია ქალაქს დაუბრუნდა. ასევე, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, „წიგნების ბაღი" მოეწყო, სადაც წიგნის ვიზუალით სკამები გაკეთდა და წიგნის ბუდეები განთავსდა.

ამასთან, მიმდინარე წელს 5 მისამართზე განხორციელდა 143 ავტოფარეხის დემონტაჟი, საიდანაც უკვე 3 ეზო მოწესრიგდა, ხოლო ორ მისამართზე სკვერი მოეწყობა. სპორტული მოედნის რეაბილიტაცია 13 მისამართზე ჩატარდა. 169 მისამართზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
პრეზენტაციაზე გამგებელმა მომავალ წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა.
საბურთალოს გამგეობამ, მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 22 334 132 ლარი დახარჯა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საბურთალოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სერგეენკო, საბურთალოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოს წევრები და თბილისის რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები