ბელგიის პროკურატურამ გახმაურებულ სკანდალზე პირველი ფოტო გამოაქვეყნა - მილიონნახევარი ევროს ოდენობის ქრთამი, მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარების ბინებიდან და სასტუმროს ნომრებიდან, ასევე მათთან დაახლოებული ორგანიზაციების ოფისების ჩხრეკისას ამოიღეს. ევროდეპუტატის იმუნიტეტმა ვერ გაჭრა. ევა კაილს, რომელიც ჯერ კიდევ 4 დღის წინ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ახლა კატარის ლობირებისთვის ქრთამის აღების გამო, სასამართლოში ელიან.
გამოძიება გვიყვება, რომ იმ 600 000 ევროს ნაწილი, რომელიც კაილის საცხოვრებელ სახლის ჩხრეკისას ამოიღეს, მამამისის სასტუმროს ნომერშიც იპოვეს, რომელიც ათენიდან ბელგიაში შვილის მოსანახულებლად იყო ჩასული. გამოძიებას სხვა ფიგურანტებიც ჰყავს, ევა კაილის პარტნიორი ფრანჩესკო გიორგი, ასევე ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, პიერ ანტონიო პანძერი - რომელსაც შესაძლოა ლობისტური საქმიანობა არა მხოლოდ კატარის, არამედ მაროკოს სასარგებლოდაც დაუდასტურდეს. ის წლების წინ ასევე სოციალ-დემოკრატთა ჯგუფს წარმოადგენდა, სადაც სკანდალით შეშფოთებულები არიან და რეპუტაციული ზიანის გასანეიტრალებლად ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მსჯელობენ.
კატარის ხელისუფლება ამ ეტაპზე ბრალდებების უარყოფით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ის სინამდვილეს მოკლებულია. პარალელურად კი, ევროპარლამენტში კატართან დაკავშირებული საკითხები დროებით დაპაუზებულია, იგეგმება ყველა დოკუმენტისა და გადაწყვეტილების გადახედვაც, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული. ჯერ არ ჟღერდება კიდევ 3 დაკავებულის სახელები, თუმცა ისინი, სავარაუდოდ, შრომით უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები არიან, რომელსაც კატარის შრომით ბაზარზე არსებულ უპრეცენდენტო დარღვევებზე ანგარიშები უნდა მოემზადებინათ. ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა შიშობს, რომ პროცესში შესაძლოა ახალმა დეტალებმა იჩინოს თავი.
საგანგებო დებატებზე, რომელზეც ევა კაილის ვიცე-პრეზიდენტის სტატუსიც გაუუქმეს - დეპუტატებმა მომხდარი შავ ლაქად შეაფასეს. რეფორმის აუცილებლობა ყველასათვის ცალსახაა.
16 რეიდი ბრიუსელის მასშტაბით, ბელგიის პოლიციამ კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ჩაატარა, დაკავებულებიდან ბრალი ჯერ მხოლოდ 4 პირს აქვს წაყენებული.