27 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
დატოვებენ თუ არა ოპოზიციონერი დეპუტატები მანდატებს და რატომ არ იზიარებენ მელიას მოწოდებებს თანაპარტიელები

ნიკა მელია ოპოზიციონერ კოლეგებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს, თუმცა ერთი წინაპირობით - თუ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანენ მაშინ მელიას აზრით, ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა როგორც ჩანს,  "ნაციონალური მოძრაობის" ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის მოწოდებას საკუთარი თანაპარტიელების უმრავლესობაც არ იზიარებს.

პარლამენტში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მელიას განცხადების შინაარსსაც უწუნებენ და ფორმასაც. თანაგუნდელების მსგავსად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კრიტიკის ობიექტი გახდა ხელისუფლების სხვა ოპონენტების მხრიდანაც. ერთადერთი თანამოაზრე კი ოპოზიციურ ფლანგში, რომელმაც ნიკა მელიას პათოსი გაიზიარა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აღმოჩნდა.

ნიკა მელიას პატარა ოპოზიციური პარტიები საკუთარ გუნდში არსებული პრობლემების მოგვარებას ურჩევენ, "ოცნება" კი ამბობს, რომ ოპონენტების პარლამენტიდან წასვლა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას მხოლოდ გააუმჯობესებს. გაიზიარებენ თუ არა უმანდატო მელიას მოწოდებას მანდატიანი კოლეგები, ეს სავარაუდოდ ცნობილი სააკაშვილის პროცესის შემდეგ გახდება, რომელიც 22 დეკემბერს გაიმართება.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ბოიკოტისკენ ოპოზიციონერ კოლეგებს სასამართლოს ეზოდან მოუწოდა. ნიკა მელიამ თქვა, რომ სააკაშვილის პატიმრობა არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, არამედ სახელმწიფოს აზიანებს და პასუხი ხელისუფლებას ყველამ ერთად უნდა გასცეს.

მოწოდებიდან მალევე, მელიას განცხადების პათოსი საკუთარი პარტიის წევრებმა დაუწუნეს. ანი წითლიძესთვის მიუღებელი აღმოჩნდა ინიციატივის შეუთანხმებლად გაჟღერება. ხატია დეკანოიძე კი სოციალურ ქსელის საშუალებით მხარდამჭერებს ყველაფერზე ვრცლად საუბარს დაპირდა და დაწერა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა სირცხვილი არ არის.

"მოქალაქეების" ლიდერმა მელიას საკუთარი პარტიის საქმეებით დაკავება ურჩია. "რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარემ კი "ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილის საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

თავად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარლამენტის წევრი აღარ არის. საკუთარი განცხადების საფუძველზე საკანონმდებლო ორგანომ ნიკა მელიას უფლებამოსილება 2021 წლის 5 ოქტომბერს შეუწყვიტა.

დღის ამბები