27 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
სააკაშვილის სასამართლო პროცესი სააკაშვილის გარეშე - რატომ ვერ ჩართეს ექსპრეზიდენტი ონლაინ, ვისი მოთხოვნით შეწყვიტა მან შიმშილობა და როდის გაიმართება შემდეგი პროცესი

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 3 საათში შეწყვიტა. ყოფილმა პრეზიდენტმა "ვივამედის" კლინიკიდან ჯერ შალვა ხაჭაპურიძეს გამოატანა წერილი, სადაც პროტესტის უკიდურეს ფორმას აანონსებდა, ცოტახანში კი, მეორე ადვოკატმა ექსპრეზიდენტის შეცვლილი პოზიცია გაასაჯაროვა.

შიმშილობის დაწყების მიზეზად, სააკაშვილი სასამართლო პროცესებში ჩართვის მოთხოვნას ასახელებდა. ყოფილმა პრეზიდენტმა საქმის განხილვაში მონაწილეობა დღესაც ვერ მიიღო. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა მიზეზად "ვივამედის" კლინიკის ტექნიკური აღჭურვა დაასახელა. არგუმენტი მიუღებელი აღმოჩნდა სააკაშვილის ინტერესების დამცველისთვის.

სხდომაზე, რომელიც დღეს მხოლოდ 2 საათს გაგრძელდა მოსამართლემ 2 შუამდგომლობა განიხილა. პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დასკვნების გაცნობის მიზნით, პროცესების 1 თვით გადადებას ითხოვდა, შალვა ხაჭაპურიძე კი იმ ვიდეო მასალის გადაცემას, რომელიც საპატიმროსა და სამედიცინო დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის გადაადგილებას ასახავს. მოსამართლე არევაძემ მხოლოდ ხაჭაპურიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ამ შუამდგომლობის განხილვის შემდეგ, მოსამართლემ სხდომა 1 კვირით გადადო. მხარეებმა სასამართლოს შენობა დატოვეს, თუმცა, ეზოში პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. ადგილზე შეკრებილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ნიკა აბრამიშვილს დაუპირისპირდნენ.

სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდნენ ეზოში შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. მათი განცხადებით, სასამართლო პროცესები არ უნდა შეფერხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროტესტს აანონსებენ.

ოფიციალური უწყება კი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი, დღეს კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა და უფლებები დაცულია. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განმარტა ის მიზეზები, რის გამოც სასამართლო პროცესზე სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა ვერ მოხერხდა.

მორიგი სხდომა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხზე 22 დეკემბერს, 11 საათზე გაიმართება. ჯერ უცნობია დაესწრება თუ არა პროცესს ყოფილი პრეზიდენტი.

დღის ამბები