27 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
ევროპარლამენტის ყოველწლიური ანგარიშის ავტორმა ანგარიშის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, ხოლო ხმა სანქციების შესახებ შეტანილი შესწორებების წინააღმდეგ მისცა

ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა, რომელიც ასევე ევროპარლამენტის ყოველწლიური ანგარიშის ავტორია, სანქციების შესახებ შესწორებების წინააღმდეგ მისცა ხმა, ანგარიშის მხარდაჭერისგან კი თავი შეიკავა.

"განვაგრძობ იმ ტექსტის მხარდაჭერას, რომელსაც კომპრომისული ვარიანტი ერქვა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმების საგანი იყო ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე. ჩემი აზრით, მსჯელობის შედეგად, მაშინ მივაღწიეთ საკმაოდ კრიტიკულ, მაგრამ ამავე დროს, დაბალანსებულ ტექსტს. პლენარულ სხდომაზე წარდგენილმა ზოგიერთმა ცვლილებამ დაარღვია ბალანსის პრინციპი ტექსტის საბოლოო ვარიანტში.

მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია ძალიან მკაფიოდ თითოეულ წარმოდგენილ ცვლილებაზე და ზოგს მხარი დავუჭირე, ზოგიერთის წინააღმდეგ წავედი და ზოგზეც თავი შევიკავე. მთლიანი ტექსტის ტონი და სულისკვეთება პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილმა და მიღებულმა ცვლილებებმა შეცვალა. საილუსტრაციოდ შემიძლია, მაგალითიც მოვიყვანო.

ახლა ჩვენ წინაშე ყველაზე გადაუდებელი საკითხია ჰუმანიტარულ ნიადაგზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. თუ ევროპარლამენტი ერთ დოკუმენტში მიხეილ სააკაშვილის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ყოფილი ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს და ზუსტად ეს ტექსტი მოითხოვს და გასცემს რეკომენდაციას ბიძინა ივანიშვილზე, ყოფილ პრემიერზე პერსონალური სანქციის დაწესებაზე, ჩემი აზრით, ართულებს მთლიან სიტუაციას, ართულებს ჩვენი მოთხოვნის და მოწოდების გათვალისწინების პროცესს, ჩვენი, როგორც მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს, რათა შევამციროთ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზება. ღრმად შეშფოთებული ვარ, რომ ეს ასევე გაამწვავებს წინააღმდეგობას სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მე ენერგიის ძალიან დიდი ინვესტიცია ჩავდე ამ ტექსტის მოსამზადებლად, ორივე მხრიდან შევხვდი ყველა პოლიტიკურ აქტორს.

ვფიქრობ, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, თუ ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ შედეგს. ჩვენ უნდა ვიყოთ რეზულტატზე ორიენტირებული, მომთმენი და გამოვიყენოთ დიპლომატიური ხერხები შედეგების მისაღწევად. მით უმეტეს, რომ ზოგიერთი შედეგი გადაუდებელი აუცილებლობისაა და ახლა გვჭირდება, რომ ეს შედეგი დადგეს - ეს არის სააკაშვილის გათავისუფლება და მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესებს ვერ დაელოდება,"- აცხადებს  სვენ მიქსერი.

დღის ამბები