საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, გამოფენა "საქართველო და შეერთებული შტატები - დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია" გაიხსნა.
ექსპოზიცია, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ეძღვნება, ასახავს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან დღემდე.
ექსპონატებს შორისაა საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოში აშშ-ის საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აშშ-ში საქართველოში საელჩოსა და სხვა ორგანიზაციებში დაცული ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები, რომელიც წარმოაჩენს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის ხანგრძლივ და მრავალფეროვან ისტორიას და ხაზს უსვამს ამ ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და აშშ-ის საელჩო საქართველოში.