ყოფილი პრეზიდენტი დღეს დილიდან დაგეგმილ სასამართლო სხდომას დისტანციურ რეჟიმში უნდა დაესწროს. დიდი ალბათობით, დღესვე ცნობილი გახდება ის დიაგნოზებიც, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე სასჯელისგან სააკაშვილის გათავისუფლებას, ან მის გადავადებას ითხოვს.
სწორედ ექსპრეზიდენტის ადვოკატების ამ შუამდგომლობის განსახილველად ტარდება პროცესი, რომლის საფუძვლადაც ცენტრ "ემპათიის" მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები სახელდება. მასში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული.
"დავაყენებთ შუამდგომლობას ზოგადად, რატომ უნდა მოხდეს მისი სასჯელისგან გათავისუფლება ან სასჯელის გადავადება და დაიწყება ექსპერტების დაკითხვაც. დაიკითხება ორი ექსპერტი. წესით დისტანციურად უნდა ჩართონ, მოსამართლემ ამის დავალება გასცა პენიტენციურ სამსახურს. მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენ პოზიციას - ან გაათავისუფლებს, ან გადაუვადებს დანიშნული სასჯელის მოხდას,“ - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.