ღამის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა მელიტოპოლის ხიდი ააფეთქეს. სტრატეგიული დანიშნულების გზა ოკუპირებულ მარიუპოლს და ბერდიანსკს უკავშირდება. სწორედ ამ გზით ხდებოდა რუსული არმიის მომარაგება.
მელიტოპოლის გარდა. სავარაუდოდ, "ჰაიმარსით" შეუტიეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მოხდა ბრიანსკის რაიონში, სამხედრო აეროდრომის და ბაზის ტერიტორიაზე. მაგრამ უკრაინის თავდაცვის უწყება ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
წინსვლა აქვთ უკრაინელებს დონეცკში. ამას უკვე ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ "მმართველებიც" ადასტურებენ. მათი თქმით, რუსეთი ამ ეტაპზე ოლქის 50% აკონტროლებს. თუმცა, კონტრშეტევა და დაკავებული პოზიციების დაცვა უკრაინელ სამხედროებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ.
წინააღმდეგობა გრძელდება უშუალოდ ფრონტის ხაზზეც. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულ არმიას აქვს სერიოზული დანაკარგი, როგორც ტექნიკის, ისე ცოცხალი ძალის კუთხითაც. სწორედ ამ წარუმატებლობის გამო ოფიციალური კიევი უახლოეს დღეებში სამოქალაქო ობიექტებზე მორიგ შეტევას ელოდება.
აგრესორის კიდევ ერთი იმედი 40 წლის წინ წარმოებულ საბრძოლო მასალას უკავშირდება. "როიტერი" ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთში თანამედრო შეიარაღების მარაგი იწურება. რის გამოც კრემლმა უკვე მიმართა მოძველებულ შეიარაღებას. ანონიმური წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი მსხვილ უცხოელ მომწოდებელს ვერ მოძებნის მისი მარაგი 2023 წლის დასაწყისში ამოიწურება.
მარაგის ამოწურვამდე კი მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი გრძელდება. 1 ადამიანი დაიღუპა - 3 დაშავდა გორლოვკის დაბომბვის შედეგად. საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა სამიზნე დონეცკის ოლქის სხვა დასახლებებშიც. ამაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალა უკრაინულ მხარეს აკისრებს. ბრალდებებს ოფიციალური კიევი აბსურდულს უწოდებს.