27 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
ომბუდსმენობის კანდიდატებზე კონსენსუსი ვერ შედგა - "ქართული ოცნების" და ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა 

კონსენსუსი ვერ შედგა - "ქართული ოცნების" და ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა. კონსულტაციის მონაწილეები არ საუბრობენ დეტალებზე, ამბობენ რომ იმსჯელეს სახალხო დამცველობის რვა კანდიდატზე, თუმცა ვინ არის მმართველი გუნდის ფავორიტი არ თქმულა. მოლაპარაკება პარასკევს გაგრძელდება. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ დღევანდელი შეხვედრა არ არწმუნებს იმაში, რომ კონსენსუსის რესურსი ფართოა. 

"ადრეც ვერ ვხედავდი ძალიან ფართო შესაძლებლობას კონსენსუსის და დღევანდელი შეხვედრაც არ მარწმუნებს იმაში, რომ ძალიან ფართოა კონსენსუსის რესურსია. სამწუხაროდ არ არის და არც ლოგიკური მგონია, რომ იყოს ასეთ პოლიტიკურ პოლარიზაციაში, მაგრამ ჩვენ ჩვენის მხრივ მცდელობას არ ვაკლებთ. ერთადერთი რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ გვექნება შეხვედრა და გავაგრძელებთ პროცესს," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ომბუდსმენის დროული არჩევაა და ეს რომ არ შესრულდეს, ცუდად აისახება კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. 

"შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ერთადერთი, რაც რეალურად გვაწუხებს ყველას არის ის, რომ ეს რეკომენდაცია უნდა შესრულდეს და რეკომენდაცია რომ არ შესრულდეს, ეს იქნება ძალიან მძიმე მათ შორის იმ 12 პუნქტისთვის და კანდიდატის სტატუსისთვის. შევთანხმდით, რომ კიდევ გვექნება ერთი შეხვედრა, რაც მნიშვნელოვანია, საბოლოოდ რომ დაისვას წერტილი ყველაფერზე და მერე იქნება კენჭისყრა," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ორი პარტიის მხრიდან კონკრეტული კომპრომისის შესაძლებლობა ვერ დაინახა.

"დიდი წინსვლა ვერ დავინახე და ვერ დავინახე ამ ორი პარტიის მხრიდან კონკრეტული კომპრომისის შესაძლებლობა. სურვილი შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ ეს სურვილი უნდა გადაითარგმნოს რაღაც კონკრეტულ მოქმედებაში. ასეთი რამ ვერ დავინახე. ყველა კანდიდატზე იყო საუბარი, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ეს კანდიდატები ყველასთვის და განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობისთვის იყო თანაბრად მისაღები, ეს ასე არ ყოფილა," - აცხადებს ლევან იოსელიანი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ შეთანხმების გარდა სხვა რაიმე სახის გამოსავალი არ არსებობს.

"შეთანხმება შეუძლებელი არ არის, პროცესის ჩავარდნა გამორიცხული არ არის. მეორე შეხვედრა შედგა, სადაც მეტი კონკრეტიკა იყო, ვიდრე პირველ შეხვედრაზე. საუბარი იმაზე, რომ მეორე რაუნდიც უშედეგოა, არ არის სწორი ჩემი აზრით, იმიტომ რომ მოლაპარაკებები არის პროცესი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვადა, ამ ვადას ვერ გადავაცილებთ. ამ კვირის ბოლომდე უნდა შედგეს კენჭისყრა, ან მაქსიმუმ მომავალი კვირის ბოლოს, როდესაც გვექნება რიგგარეშე სხდომები. გამოსავალი სხვა, გარდა შეთანხმებისა არ არის,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

დღის ამბები